Exclusive – ზურა დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს პასუხობს

ზურაბ დათუნაშვილი: "მიჩხუბია, მაგრამ მე, ადამიანის ცემისთვის, ფული არასდროს ამიღია, განსხვავებით ბატონი გეგასი"

მაგდა კლდიაშვილი

ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე და ზურაბ დათუნაშვილის ულტიმატუმზე უახლოეს მომავალში პრეზიდიუმის ეთიკის საბჭო და პრეზიდიუმი იმსჯელებენ. სანამ კომისია შეიკრიბება, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, მომხდარი ძალადობის ფაქტზე სინანულს გამოთქვამს და ზურაბ დათუნაშვილს, გუნდში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

სპორტსმენს ფედერაციის პრეზიდენტის გულწრფელობის არ სჯერა და ულტიმატუმს ძალაში ტოვებს – ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდება ეროვნულ ნაკრებში და გააგრძელებს ჭიდაობას, თუ გეგეშიძე პოსტს დატოვებს.

“რეკორდერთან” გეგა გეგეშიძის ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტს კონტრბრალდებებს უყენებს.

მოჭიდავე, ეროვნული ჩემპიონატის ფინალში მიკერძოებულ მსაჯობაზე, საკუთარ მეგობარს, რობერტ კობლიაშვილსაც ედავება და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი არბიტრი, კობლიაშვილის ოჯახის მეგობარია.

რა შეთავაზება ჰქონდა დათუნაშვილთან საპატრიარქოს და გადაფარა თუ არა კვალი წინასწარ, გეგა გეგეშიძემ დათუნაშვილის სასტიპენდიო განაცხადში შეყვანით? – მოჭიდავე ფედერაციის პრეზიდენტს პასუხობს.

– ბოლო პერიოდში, წონითი კატეგორია რამდენჯერმე შეიცვალეთ. რით იყო ეს განპირობებული?

– 80 კგ გააუქმეს და 82 კგ-ში გადმოვედი. მანამდე, 77 კილოგრამში ვჭიდაობდი, სადაც ევროპის ჩემპიონი გავხდი. შემდეგ, დაამატეს ახალი წონა – 80 კილოგრამი და იქ გადავედი, რადგან წონასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, თანაც ოლიმპიადა შორს იყო. ეს იყო დროებითი გადასვლა, რადგან 80 კგ არაოლიმპიური წონაა. შემდეგ კი ან 87 კგ-ში უნდა ავსულიყავი, ან დაბლა – 77 კგ-ში დავბრუნებულიყავი.

– თბილისის სპორტის სასახლეში, 87კგ წონითი კატეგორიის ფინალში, სადაც რობერტ კობლიაშვილის წინააღმდეგ ჭიდაობდით, მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტეთ. თქვენ ითხოვდით ქულას, რომელიც, ოლიმპიური კატეგორიის არბიტრის, ედიშერ მაჩაიძის განმარტებით, შეხვედრის მიწურულს არ იწერება. მაჩაიძემ განმარტა, რომ გაფრთხილებას არ აძლევენ ამ დროს სპორტსმენს, თუ ის არ გარბის და აღნიშნა, რომ მთავარმა არბიტრმა სიტუაცია სწორად შეაფასა. რატომ ფიქრობთ, რომ დაგჩაგრეს?

– იმიტომ, რომ ორმა მსაჯმა გადაწყვიტა: ამ შემთხვევაში, ხალიჩიდან გარბოდა კობლიაშვილი და პასიურობის ხელი და ბარათი ასწია. შემდეგ, ერთმა მსაჯმა, რომელიც ვფიქრობ, დაახლოებულია რობერტის ოჯახთან და მწვრთნელთანაც, ასევე, პირადად რობერტისგანაც ვიცი, რომ ხშირ შემთხვევებში ფედერაციის დავალებებს ასრულებს, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

– ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმეს თქვენი დაჩაგვრა უნდოდა, ამას ნახევარფინალში გააკეთებდა, სადაც ლადო გეგეშიძის მოსწავლე 2:1 დაამარცხეთ. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– მე ის შეხვედრა მოვიგე და არ ვიცი… რა არგუმენტი უნდა მქონდეს… არ ვიცი, ამაზე რა გითხრათ.

– გეგეშიძემ აღნიშნა, რომ მსაჯების მაგიდაზე დააფურთხეთ, იგინებოდით. ვნახეთ თქვენი სეკუნდანტიც, რომელიც ხალიჩაზე შემოვიდა და თქვენი პირადი მწვრთნელი, რომელიც მის გაყვანას ცდილობდა. სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, თქვენს საქციელს როგორ შეაფასებდით?

– თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას?

– მეორე საზოგადოებრივი არხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ტრანსლაციას და იქ ეს ყველაფერი კარგად ჩანდა. თქვენ როგორ აფასებთ საკუთარ საქციელს, სპორტული კუთხით?

– ძალიან რთულია, როდესაც შრომობ და ამას გამიზნულად გპარავენ. ჩემი ემოციებიც სწორედ ამან გამოიწვია.

– კასპიისკის ევროპის ჩემპიონატზე, მსაჯებმა თქვენი მისამართით უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს. იქ რატომ არ გამოხატეთ ეს ემოციები?

– კასპიისკშიც გამოვხატე ის, რომ არასწორად იქცეოდნენ. თუმცა, აქ უფრო მეტი ემოცია იყო.

– პარტერი გქონდათ კობლიაშვილთან. რომ დაგეტრიალებინათ, ამ შემთხვევაში, ქულას ხომ აიღებდით? თუ თქვენი და კობლიაშვილის ბოლო ორი წლის შედეგებს გადავხედავთ, ფაქტია, რომ მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ორჯერ მსოფლიოს პრიზიორი გახდა. ფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაზე, მასზე უკეთეს ფორმაში იყავით?

– ამას ასე ვერ განსაზღვრავ. ბოლო ორ წელს თუ გადახედავთ, კი, შეიძლება, რობერტმა რაღაც შედეგები აჩვენა, რასაც მივესალმები. მასზე უკეთეს ფორმაში ვიყავი თუ არა, ეს შეხვედრა რომ მორჩებოდა სამართლიანად, ვინც გაიმარჯვებდა, გამოჩნდებოდა.

– 2017 წელი მინდა გაგახსენოთ. როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდით, თბილისში დაბრუნებიდან მესამე დღეს, ინციდენტი შეგემთხვათ. თქვენ დაგჭრეს, ჭრილობა მძიმე იყო. ექიმები შიშობდნენ, რომ სათუო იყო, გააგრძელებდით თუ არა ჭიდაობას. საბედნიეროდ, თქვენ მაშინდელი სირთულე დაძლიეთ და ვარჯიში დაიწყეთ.

– ვისთვის საბედნიეროდ, ვისთვის საუბედუროდ…

– მე მაინც ვიტყოდი – საბედნიეროდ. თქვენ დაიწყეთ ვარჯიში, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატამდე მოკლე დრო იყო მოსამზადებლად.

– სამი თვე.  ევროპის ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედი, მესამე დღეს მოხდა ეს ინციდენტი.

– მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იყავით?

– კი.

– ბალავაძე-კარტოზიას ტურნირის გამარჯვებული უნდა წასულიყო პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, თქვენს წონაში…

– თქვენ საიდან იცით ეს?

ვიცი. ეს ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენთან ინტერვიუში თავადაც დაადასტურა.

– ანუ გეგა გეგეშიძე რასაც იტყვის, თქვენ მაგის გჯერათ?

– გიმეორებთ, ეს ამბავი მანამდეც ცნობილი იყო ჩემთვის. ბალავაძე-კარტოზიას  ტურნირის გამარჯვებული, გაგა ხაჩიძე უნდა წასულიყო პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მწვრთნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თქვენ წასულიყავით თქვენ. როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანი იყო?

– ბალავაძე-კარტოზიას გამარჯვებული იმ წონით კატეგორიაში წავიდოდა მსოფლიოზე, რომელშიც ევროპაზე შედეგი არ გაკეთებულა.

– გეგეშიძემ განცხადებით, ხაჩიძეს სთხოვეს, თქვენთვის ანგარიში გაეწია, რადგან მაშინ ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც გჭირდებოდათ და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაეთმო.

– ფსიქოლოგიური… რისთვის?

– მათი განმარტებით, იმისთვის, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ, თქვენ ჭიდაობისთვის თავის დანებებაზე არ გეფიქრათ.

– თუ არა, თავს დავანებებდი?  წავიკითხე ეგ. ზურა დაანებებდა თავს ჭიდაობასო. ეს ვინ გადამიწყვიტა? გეგეშიძემ გადამიწყვიტა, რომ თუ მსოფლიოზე არ წავიდოდი, თავს დავანებებდი?

– ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, სამწვრთნელო შტაბმა სთხოვა ხაჩიძეს, დაეთმო თქვენთვის წასვლა და ის ამას ახლა შეცდომად მიიჩნევს.

– ანუ შეცდომა დაუშვეს?

– ის ამბობს, რომ მათი მთავარი შეცდომაა, რომ თქვენ დაუმსახურებულად წახვედით. როგორ ფიქრობთ, ფორმაში იყავით 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

– დიახ, დამსახურებულად წავედი. კი, ვიყავი ფორმაში. ეს გადაწყვიტა თვითონ მწვრთნელმა. სამი თუ ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს ნაჭიდავები და ჩემი მაქსიმალური შედეგი იყო მესამე-მეოთხე ადგილი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც ჩემზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორმა სპორტსმენმა აჩვენა – რობერტ კობლიაშვილმა, რომელსაც არ გამოუცხადდა დავით ჩაკვეტაძე და მესამეზე გავიდა და ნადარეიშვილმა. ისე არ ყოფილა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ცუდად გამოვედი. სპორტია და იცით, როგორ ხდება სპორტში – შეიძლება, ძალიან მაგარ ფორმაში გეგონოს თავი, წახვიდე და პირველივე შეხვედრა წააგო. შეიძლება, ფიქრობდე, რომ საერთოდ არ ხარ ფორმაში, წახვიდე და გამარჯვებული გახდე. გაგასთან გისაუბრიათ? გაგა (ხაჩიძე) დაიჩაგრა მწვრთნელების არასწორი დამოკიდებულების გამო. იმიტომ, რომ მას სხვა რაღაცეებს ჰპირდებოდნენ და მე არ ვიცოდი ამის შესახებ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავიგე.

– ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ  მწვრთნელები ფიქრობდნენ, ფორმაში შესვლას ვერ მოასწრებდით და სათადარიგო ვარიანტი ხაჩიძე იყო?

– მწვრთნელებს ჰკითხეთ და გეტყვიან. გაგას ჰპირდებოდნენ, რომ ტურნირზე გაგიშვებთო. მე რომ დამჭრეს, კარტოზია-ბალავაძის ტურნირი იყო და ამ ტურნირზე ჭიდაობას არც ვაპირებდი. ვინც ევროპაზე შედეგი გააკეთა, არავინ ვიჭიდავეთ, თუ გახსოვთ, მეც არ ვაპირებდი. გამოვტოვე  ერთი შეკრება, ამის შემდეგ ნაკრებთან ერთად გავიარე ყველაფერი. ამ შეკრების დროს ამერიკაში ვიყავი და იქ გავდიოდი რეაბილიტაციას. ჩამოვედი, შემდგომ გუნდთან ერთად გავიარე სრული დატვირთვა. გაგასგან ვიცი, უთხრეს, რაღაც ტურნირზე გაგიშვებთო.

– თქვენსა და გაგა ხაჩიძეს შორის შედგა საუბარი? ჰქონდა მას პრეტენზია?

– არა, (ეს საუბარი) მსოფლიოს მერე შედგა. მე და გაგა დღესაც ვმეგობრობთ. ჩემთან არ მოსულა რაიმე პრეტენზიით. გაგა რომ ბალავაძე-კარტოზიას ტურნირის ჩემპიონი გახდა, მივულოცე. გაგას და გიოს (ზურა დათუნაშვილის ძმა) ჰქონდათ საუბარი, მე ამერიკაში ვიყავი. გაგამ თქვა, ზურა თუ იქნება ფორმაში და გადაწყვეტს, რომ მსოფლიო უნდა იჭიდაოს, არავის პრეტენზია არ ექნებაო.

– ამბობთ, რომ ეს იყო მწვრთნელების შეცდომა?

– კი და გეტყვით, რატომაც. გაგამ სთხოვა, ტურნირია და იქ გაგვიშვითო. თუკი ჩემპიონი გავხდები და ზურა წააგებს, ამ შემთხვევაში, გამიშვით მსოფლიოზეო. ჩემთვის რომ ეთხოვათ, თანახმა ვიყავი, წავიდოდი და ვიჭიდავებდი. ამის შესახებ არ ვიცოდი. გაგას ეუბნებოდნენ, ითხოვს ზურა და ზემოდან ვიღაცეები რეკავენ და ზურა უნდა წავიდეს. ასე არ ყოფილა. უნდოდათ, ჩემსა და გაგას შორის შუღლი ჩამოეგდოთ და არ გამოუვიდათ. წავედი მსოფლიოზე, წავაგე მე-3-მე-4 ადგილისთვის ბრძოლა და გავედი მეხუთეზე.

– 2018 წლის ზაფხულის ამბავი მინდა გაგახსენოთ. ბაკურიანში შეკრება დატოვეთ და თბილისში წამოხვედით. როგორც თქვენგან მოვისმინეთ, მწვრთნელებმა, სპორტსმენებთან დაკავშირებით, რჩევა გკითხეს და თქვენი განმარტებით, ერთს ჩაგრავდნენ, რის გამოც ნაკრებიდან წამოხვედით. ამ ამბავს უფრო ნათელი რომ მოვფინოთ, რომელ ორ სპორტსმენზე იყო საუბარი?

– თქვენ არ გაგიგიათ ამის შესახებ, ჭიდაობაში ხომ ჩახედული ხართ?

– შეკრება რომ დატოვეთ, ეს ყველამ გაიგო, თუმცა მიზეზად სპორტსმენები არ დასახელებულა. რომელ მოჭიდავეებზე საუბრობთ?

– არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო.

– როდესაც ამაზე გეგა გეგეშიძეს ვკითხეთ, მან განაცხადა, რომ მწვრთნელები სპორტსმენს არ ეკითხებიან, ვინ წაიყვანონ შეჯიბრებაზე და ვინ არა. თქვენ რატომ გკითხეს?

– კაპიტანს ჰკითხეს.

– ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი ხანია, კაპიტანი აღარ ხართ. ხართ კაპიტანი?

– კი. ორ წელია, საქართველოს აგებსო. საქართველო  არ წამიგია 2013 წლის მერე, 2016 წელს წავაგე ჩემს ძმასთან. დიახ, ვარ.

– იმ ნაკრების, რომლის არც ერთი წევრი მხარში არ დაგიდგათ. ეს კითხვა მათაც დავუსვით და ახლა თქვენ უნდა გვითხრათ – რატომ არავინ დაგიჭირათ მხარი?

– ჰკითხეთ, რატომ არ დამიდგენენ გვერდით და პასუხი ვერ მიიღეთ – რატომ?

– დიახ, ვკითხეთ.

– სანამ წამოვიდოდი გუნდიდან, მე ვიყავი კაპიტანი. ახლაც წამოსული ვარ. როცა დავბრუნდები, მერე გეტყვით, ვარ კაპიტანი თუ არა.

ნაკრების წევრებზე რას იტყვით?

– რასთან დაკავშირებით, რომ გვერდზე არ დამიდგნენ?.. აი, მეც ვერ ვხვდები, რატომ არ დამიდგნენ გვერდზე, თუ ოჯახს ეძახიან.

– სპორტულ ოჯახებზე საუბარი თითქმის ყველა სახეობაში გვესმის. ეს სწორი განსაზღვრებაა?

– საზოგადოებამ განსაჯოს. მე ოჯახს დღეს ვერ ვხედავ. განსხვავებული აზრი ხომ შეიძლება ოჯახშიც იყოს? მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს,  ჰარმონიული ცხოვრებაც შეიძლება.

– როდესაც გეგეშიძე დააკავეს, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გარდა, იქ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებიც მივიდნენ. ბევრჯერ მოვისმინეთ თქვენგან, რომ სპორტსმენებს ეშინოდათ.

– და შეურაცხყოფას ვაყენებ თურმე მათ. გეგეშისგან მოვისმინე, გვარები დაასახელა.

– რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, მაგალითად, გენო პეტრიაშვილი ვინმემ დააშინოს, შეაშინოს… სხვა მიზეზი ხომ არ არის რამე და მართლა გგონიათ, რომ ეს ბიჭები ყველა ერთად შეაშინეს?

– სისტემის მსხვერპლი არიან. ასე მგონია.

– როდესაც გეგეშიძეს ვკითხეთ, რამდენად კეთილგონივრული იყო, საერთოდ, პოლიციის სამმართველოსთან სპორტსმენების გამოჩენა…

– ჰო, როგორ დავუძახებდიო. სხვა ვერავინ დაუძახებდა? თქვენ როგორ ფიქრობთ, მას ჰყავს ხალხი, ვინც დაუძახებდა? მე მეგობარი მყავს, ძიუდოს მწვრთნელი და მას დაურეკეს, გამოდი აქციაზეო.

–  ვის გულისხმობთ?

–  არ გავიდა ის…ძიუდოს მწვრთნელს ვგულისხმობ და შიდა ოჯახში რა იქნებოდა?

– თქვენ ფიქრობთ, რომ სპორტსმენები არავის დაუშინებია, მაგრამ ყველა სისტემის მსხვერპლია?

–  ეს შიშთან ასოცირდება.

– სანაცვლოდ, რას კარგავდნენ ეს მოჭიდავეები?

– არ ვიცი.

– მაგალითად, გენო პეტრიაშვილს რით დაემუქრნენ – ნაკრებიდან გაუშვებდნენ, პრემიას აღარ გადაუხდიდა სახელმწიფო….თუ რას დაკარგავდნენ ისინი?

– აი, რასაც მე. რაც დამემართა, სხვას რომ არ დაემართოს, ამიტომ ვერ იღებენ ხმას. გეგეშიძე კაპიტნობაზე ამბობს, რომ ადამიანი აგებსო, კაპიტანი აღარ არისო და რა? ადამიანი რომ აგებს, კაპიტანი აღარაა? კაპიტანს იმის გამო ირჩევენ, რომ უნდა მოიგოს?

– თქვენ როგორ ირჩევთ კაპიტანს?

– ღირებულებებით და არა იმიტომ, რომ მოიგოს საქართველოს ან რაღაც ჩემპიონატი. ასე არ ხდება. მინდა, გავუსვა ხაზი, რომ მაგ ადამიანს არასწორად წარმოუდგენია კაპიტნის მოვალეობა, ან რის გულისთვის ირჩევენ…

– დავუბრუნდეთ თანაგუნდელების თემას, დაგწყდათ გული?

– რაზე?

– რომ არც ერთი თქვენი თანაგუნდელი თქვენი მხარდამჭერი განცხადებით არ გამოვიდა?

– არც ერთი – არა, ბევრი გამოვიდა.

– საჯაროდ არავინ გვინახავს.

– მაგ აქციაზე გულისხმობთ?

– არა, საერთოდ, ამ ხნის განმავლობაში, ნაკრების არც ერთი წევრის მხრიდან თქვენი მხარდამჭერი განცხადება არ მოგვისმენია.

– ჰო, საჯაროდ არა. ჩემთან გამოსულან.  იქ, საჯაროდ რომ არ გამოვიდნენ, იმაზე გული დამწყდა, კი. მე რომ გავსულიყავი იქ, სხვა რაღაცას ვიტყოდი სხვის მაგივრად.

– 11 იანვრის ინციდენტს დავუბრუნდეთ. გეგეშიძე განმარტავს, რომ ის სტუმრების ლოჟიდან საპირისპირო მხარეს იმიტომ გადმოვიდა, რომ მსაჯმა სთხოვა, ვითარება დაერეგულირებინა. ის ამბობს, რომ თქვენს მეორე ძმასთან, დასამშვიდებლად მიდიოდა, როდესაც თქვენ  მოატრიალეთ, რაღაც უთხარით და ამის შედეგ მოგიქნიათ ორჯერ ხელი. რა უთხარით გეგეშიძეს?

– გეგეშიძე მე რომ მცდება, მეჯახება და მაგით მაგრძნობინებს, რომ იქ იყო… ასე ამბობს ინტერვიუში… და მოდის გაშლილი რკინით… ვკითხე: რითი მოდიხარ, ბიჭო?… მომიქნია და დამარტყა. კადრებშიც ჩანს. გინახავთ ეს კადრები? იქ ჩანს. გეგეშიძე იძახის, უნდა დამეწყნარებინა ვიღაცო. თუ ადამიანი დასაწყნარებლად მიდის, გაშლილი იმით არ მიდის, მილით…

– გეგეშიძე აცხადებს, რომ ჩვენება ბევრჯერ შეცვალეთ: მას ხან რკინის ხელკეტი ეკავა, ხან – მილი ან ჯაჭვი. რა ეკავა მას ხელში?

– ჩვენებას არ ვცვლი. ინტერვიუში რასაც ვიძახი, მაგას ამბობს?  მე შეიძლება რკინის ხელკეტი დავარქვა ჯაჭვს, რომელსაც ბოლოში რკინის მსხვილი მასა აქვს.  გეტყვით, რაც ეჭირა ხელში  – რკინა, შემდეგ ჯაჭვი და ბოლოში – რკინის მასა.

– ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სისხლი მისი დარტყმის შემდეგ არ წამოგსვლიათ. მისი თქმით, კობლიაშვილთან ჭიდაობის დროს, ერთმანეთს თავებს ურტყამდით და გამორიცხული არ იყო, ამ დროს მიგეღოთ დაზიანება, ან – შემდეგ, გაგრძელებული შეხლა-შემოხლის დროს.

– სისხლი მისი დარტყმის შემდეგ წამომივიდა. ჭიდაობის დროს სისხლი არ წამომსვლია. მსაჯებთან რომ ვაპროტესტებდი, იქ მეტყობა? გეგა გეგეშიძე ცრუობს, როდესაც იძახის, რომ კობლიაშვილთან ჭიდაობის დროს წამომივიდა სისხლი. ეს მისი დარტყმის შემდეგ მოხდა.

– ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ არეულობა მცირე ხნით განიმუხტა, თუმცა, შემდეგ, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა თქვენი ძმა წააქეზა. ასე იყო?

– სისულელეა. გეგა გეგეშიძე ამ შემთხვევაშიც ცრუობს და იმაშიც, რომ სისხლი მისი დარტყმის შემდეგ არ წამომსვლია.

 – რატომ დაგჩაგრეს კობლიაშვილთან?

– თქვენ ამ საუბრიდან ვერ გამოიტანეთ აზრი?

მინდა, რომ მიპასუხოთ, შემდეგი კითხვისთვის ეს მნიშვნელოვანია.

– რატომ დამჩაგრეს რობერტ კობლიაშვილთან? განსხვავებული აზრის გამო. ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ეთანხმება მათ. არ უნდოდათ, რომ მოწინავე პოზიციებზე ვყოფილიყავი.

–  ანუ ჭიდაობის ფედერაციამ წინასწარ განიზრახა, რომ ფინალი უნდა წაგეგოთ. უკავშირდება თუ არა ეს ოლიმპიადაზე მათ სამომავლო გეგმებს?

– ჯაჭვით არის ეს ყველაფერი გადაბმული.

ოლიმპიურმა კომიტეტიდან სტიპენდიას იღებთ?

– ეს იყო კურტანიძის დროს.

– წელსაც ხომ იღებთ?

– ეს მოხდა კურტანიძის დროს. მე, როგორც, ალბათ, წარმატებული სპორტსმენი… ასე გადაწყვიტეს. ამასთან შეხება არ მქონია.  ამის მერე, ოლიმპიური წელი რომ დამთავრდა (2016 წელი), ისევ დამინიშნეს. ეს როდის დამინიშნეს, იცით? ევროპა რომ მოვიგე, ესენი რომ მოვიდნენ, ბექა როყვა რომ იყო მთავარი მწვრთნელი – მაშინ. რასაც გეგა გეგეშიძე ამბობს, ყველაფერი მართალი კი არ არის. უმეტესად, სიცრუეს იძახის და გეტყვით, როგორც ხდება. ეს ხელფასი მოდის მსოფლიოს ოლიმპიურიდან და ფედერაციებში აგზავნიან, ვინც არის წარმატებული, იმას უნიშნავენ. ესენი (გეგეშიძის გუნდი) რომ მოვიდნენ, განაახლეს სია და მითხრეს, შენც გინიშნავთ ხელფასსო. სამ თვეში ერთხელ მერიცხება გარკვეული თანხა.

– გეგეშიძე ამბობს, რომ ფინალის წინა დღეს, მასთან ლერი ხაბელოვი მივიდა და  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, სამკაციანი სია მოითხოვა, ვისაც ფედერაცია ლიცენზიის მაძიებლად განიხილავდა, სტიპენდიის მისაღებად. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ სიაში თქვენ პირველი ხართ.

– დიახ, მეც გიდასტურებთ, რომ ვწერივარ.

– გეგეშიძის განმარტებით, თქვენი დაჩაგვრა რომ ვინმეს ნდომოდა, ის ამ სიაში არ ჩაგწერდათ ამ სიაში და არც თქვენს კანდიდატურას განიხილავდა.

– კვალის გადაფარვის მიზნით რომ გაეკეთებინა ეს?

– მისი თქმით,  ეს ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მოხდა,. გეგეშიძემ, თქვენი სასტიპენდიო სიაში ჩაწერით, წინასწარ გადაფარა კვალი?

– 6 თვით ადრე რომ რაღაც ინციდენტი მქონდა? მე არ ვიცი, ეს ხელფასი მაქვს დანიშნული ევროპის ჩემპიონატის მერე. და თუ დანიშნული მაქვს, ისე არავის დაუნიშნავენ, თუ არ დავიმსახურე. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ოლიმპიადა ორჯერ მხოლოდ მე მაქვს ნაჭიდავები და გადაწყვიტეს, რომ მესამესთვისაც ვიბრძოლებ. ეგ არ ვიცოდი, ახლა მივიდა თუ არა სია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაქვს ეს ხელფასი.

– როდესაც ევროპის ჩემპიონატი წააგეთ, მსაჯებს და მწვრთნელებს დაბრალდა, რომლებმაც თქვენი თქმით, ტურნირამდე ახალი წესები არ აგიხსნეს. საქართველოში წაგებაც – მსაჯებს დააბრალეთ. მარცხის მიზეზებს საკუთარ თავში არასდროს ეძებთ?

– კი, ხშირად დამიბრალებია საკუთარი თავისთვის. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, მსაჯის გამო წამიგია.

– ევროპის ჩემპიონატზე თქვენი მარცხი მსაჯების და იმ მწვრთნელების ბრალი იყო, რომლებმაც ახალი წესები არ აგიხსნეს?

– დიახ.

– ნაკრების კაპიტანი მიდიხართ ევროპის ჩემპიონატზე, ეს ხდება აპრილში და თქვენ  არ იცით წესები? ცოტა არასერიოზული ხომ არ არის?

– გეტყვით. ჩვენთან, ნაკრებში ასე იყო აქამდე: შეჯიბრზე როცა მივდიოდით და წესები იცვლებოდა, ჩვენთან მოდიოდნენ მსაჯები ფედერაციიდან და ამ ცვლილებების შესახებ გვამცნობდნენ, რაც კასპიისკის ჩემპიონატის წინ არ მომხდარა.

– თქვენ თქვით, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში გადაწყვეტილებებს სინამდვილეში ლადო გეგეშიძე იღებს, ბექა როყვა კი „მხოლოდ ფორმალობაა“. ფედერაციის მესვეურები სპორტსმენებს აიძულებენ, ლადო გეგეშიძე პირად მწვრთნელად დაწერონ?

– ჩემი აზრით, ყველაფერს ლადო წყვეტს და ვინც ჭიდაობაში ჩახედილია, ეს ყველამ იცის.

– რაში გამოიხატება ეს?

– ყველაფერში. რაც შეეხება მართვას, მართვის ობიექტებს, ყველაფერს წყვეტს ლადო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გეგა გახდა.

– დიდი ხანია, რაც ამის შესახებ იცით?

– კი, კი ლადო წყვეტს.

– და ამას ყოველთვის აპროტესტებდით?

– კი.

ბევრჯერ მინახავს თქვენი საკმაოდ თბილი კადრები – როგორ უაზიარებთ ლადო გეგეშიძეს გამარჯვების პირველ სიხარულს…

–  მწვრთნელად იჯდა. მოვიგე და როგორც მწვრთნელი, ისე ჩამეხუტა.

– როგორი მწვრთნელია ლადო გეგეშიძე?

– რა ვიცი, თქვენ შეაფასეთ.

– მე არ მწვრთნის და თქვენ გვითხარით.

– ორი წელია, რაც არის და უკვე ამდენი წარმატებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელია.

– კონკრეტულად, ვისი პირადი მწვრთნელია?

– ოფიციალური ინფორმაციაა, თუ ჩაეძიებით, გაიგებთ.

–  თქვენც გაიძულეს მწვრთნელის შეცვლა?

– არა. იძულება არ ყოფილა, მაგრამ ისე იყო ზუსტად – არ მაიძულებდნენ, იყო შემოგდებული რაღაცეები.

– სხვა მოჭიდავეებთანაც „შემოგდებული“ იყო თუ მათ აიძულებდნენ?

– კონკრეტული სიტუაციები ვიცი, როდესაც აიძულეს… არ მინდა სახელები და გვარები, ასე ვერ დავასახელებ… ახალგაზრდა ბიჭები არიან, მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ ასე – გვერდზე გაგვიყვანეს და თქვენ თუ მასთან არ ჩაეწერებით, იმის გარანტი ვართ, რომ საქართველოში ერთ შეხვედრასაც ვერ მოიგებთო.

როგორ ფიქრობთ, საკმარისი შანსი მოგეცათ ნაკრებში თავის გამოჩენის?

– ბოლო 6 თვის შემდეგ, არა.

– ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ თქვენ წააგეთ ერთ წონაში, მეორეში და გადახვედით მესამეში.

– წავიკითხე თქვენი ინტერვიუ. ევროპის ჩემპიონატი წააგო, შემდეგ ბალავაძე-კარტოზიაო და შემდეგ 77 კგ-ში მოითხოვაო და 82 კგ-ში ვაძლევდით შანსსო.

– გეგეშიძე ამბობს, რომ გერმანიის და თურქეთის ტურნირებზე მონაწილეობა შემოგთავაზათ და უარი უთხარით. ის ასევე ამბობს, რომ თქვენ ყველა წონით კატეგორიაში ითხოვდით შანსის მიცემას და ამის გამო, ყველა დანარჩენი უნდა დაჩაგრულიყო.

– ანუ 82 კილოგრამშიც მინდოდა? ერთდროულად? აგიხსნით. ევროპის ჩემპიონატი წავაგე 82  კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელთან, სადაც 15 წამი ტაბლო იყო გათიშული. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ 15 წამი გათიშული იყო. 15 წამი რჩება, რომ მაფრთხილებენ. არც მე და არც გუნდმა არ იცოდა, რომ ეგ გაფრთხილება ორ ქულიანი იყო. ამ გაფრთხილების  შემდეგ გაიგო გუნდმა.

– ანუ თქვენი მარცხის მიზეზი ის იყო, რომ  მწვრთნელებმა  წესები არ აგიხსნეს? 

– ასე წავაგე ევროპის ჩემპიონატზეც. როდესაც ტაბლო გათიშულია და მე ვჭიდაობ, მწვრთნელმა უნდა აკონტროლოს. იმიტომ, რომ ჭიდაობის დროს ამას ვერ შევძლებ. შემდეგ იყო კარტოზიას ჩემპიონატი. გავედი მესამე ადგილზე. ლაშა გობაძემ გაიმარჯვა. იმ წესების თანახმად, რაც იყო, ლაშა უნდა წასულიყო 82 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე. მე რომ წავსულიყავი ტურნირზე, როგორც ლაშას მოწინააღმდეგე და იქ გადამწყდარიყო, არასწორი იქნებოდა და დაპირისპირება წარმოიშვებოდა.

ლაშამ თქვა: ასე თქვეს, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაზე ზურაც უნდა გავსინჯოთო. არ მომეწონა, მაგრამ ვერ ვთქვიო. მე ვუთხარი, 82-ში არ მეკუთვნოდა, 77 კილოგრამში ევროპაზე შედეგი არ გაკეთებულა. ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე, ამ წონაში, სამეულში ვერ შევიდა ვერც ერთი. რაც მე ამ წონიდან გადავედი, მედალი არ მიუღიათ. მწვრთნელთან მივედი, მანამდე ბიჭებთან და ვუთხარი: სამი ტურნირი იყო და ამ ტურნირებში თუ წავაგებ, არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თუ მოვიგებ, მსოფლიოზე გამარჯვებული წავიდეს-მეთქი, რაზეც ბიჭები დამეთანხმნენ. მე შანსს ვითხოვდი. ზუსტად მაგ დღეს მივედი მწვრთნელებთან, ვარჯიშზე და იგივე ვუთხარი, თუ 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მომცემთ შანსს, თან წონაც მიწყობდა ხელს, მზად ვარ ვიჭიდაო, ამ სამ ტურნირზე დავამტკიცო და გამიშვით მსოფლიო ჩემპიონატზე-მეთქი.

კარგი, დავილაპარაკებთ მწვრთნელები და გეტყვითო. ვარჯიშის შემდეგ დამიძახეს, ამწონეს. წონა ხელს მიწყობდა. მითხრეს, კარგი, გაძლევთ შანსს და მოემზადეო. ამის შემდეგ იყო ის საუბარი, როდესაც მე დავაფიქსირე აზრი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი სპორტსმენის წასვლასთან დაკავშირები. ამ საუბრის შემდეგ მითხრეს, რომ 77 კგ-შიც ვეღარ გაძლევთ შანსსო, ვერც ტურნირებზეო და მსოფლიოს მიღმა დამტოვეს.

– დატოვეთ ბაკურიანი და ფედერაციის პრეზიდენტთან წამოხვედით, თქვენს ძმასთან ერთად.

– დიახ, ასეა.

–  გეგეშიძე ამბობს, რომ თქვენ ჯერ შანსის მიცემაზე ესაუბრეთ, შემდეგ კი სთხოვეთ, ქვეყნიდან გაეშვით, რაზეც უარი მიიღეთ. ასე იყო?

– გეტყვით. ბაკურიანიდან რომ წამოვედი, გეგას ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა და არასწორად ხდება-მეთქი. მითხრა, გავერკვევიო. ვუთხარი, თუ ასე უნდა გაგრძელდეს დაბლოკვები და მე ვიბლოკები, ჩემს აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს და მომიწევს წასვლა. ოფიციალურად, ასე ვერავინ გაგიშვებთო. ამ საკითხში გავერკვევი, მაგრამ წასვლით ვერ გაგიშვებო. ეს იყო 6 აგვისტოს. 24 აგვისტომდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა. შემდეგ დაიწერა „ფეისბუქზე“, დათუნაშვილმა შეკრება დატოვაო და ამის შემდეგ ჩაერთნენ ჟურნალისტები. გეგა გეგეშიძემ თქვა, ბაკურიანიდან რომ ჩამოვიდა, ჯერ ჟურნალისტებთან მივიდა და მერე ჩემთანო. ამასაც ცრუობს.

–  მისი განცხადებით, ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ თქვენ წასვლა გინდათ და, უბრალოდ, „ვაჭრობთ“.

– სისულელე არ არის? 21 წელია, საქართველოს  სახელით გამოვდივარ, რატომ წავალ? თუ ადამიანები მომცემენ იმის საშუალებას, რომ ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო, დავიხარჯო, რატომ წავალ?

–   ის თავადაც ამბობს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია, საქართველოდან ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენის წასვლის. მოგიწოდებთ, რომ დაბრუნდეთ, ივარჯიშოთ და მოემზადოთ.

– კი, მაგრამ ცალკე, ჩემთან, ისე საუბრებში მეუბნებიან,  კი გაგიშვებთ, მაგრამ მოაგვარე იქ, ოლიმპიურთან, ჩვენ გიშვებთო.

– ვინ გეუბნებათ ამას?

– ვინ და გეგას ძმა, გეგას სახელით, ფედერაციის სახელით.

–  ანუ საჯაროდ ამბობენ, რომ არ გიშვებენ და პირადად  საუბრებში, გთანხმდებიან?

– დიახ. ბევრ რაღაცას ასე აკეთებენ. ახლაც ასე არის. აი, მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მაგრამ ისე უნდათ, ბოდიში და შერიგება.

– გეგეშიძემ განაცხადა, რომ თქვენ უნდა დაბრუნდეთ ნაკრებში, განაგრძოთ ვარჯიში და დაამტკიცოთ, რომ  ლიდერი ხართ. თქვენს  ბოლოდროინდელ შედეგებს თუ გადავხედავთ, როგორ ფიქრობთ, არ გაქვთ ეს დასამტკიცებელი?

– ნაკრებში რომ დავბრუნდე და ამ ფედერაციის ქვეშ ყოფნას დავუბრუნდე, ვიცი, არ მომეცემა ამის დამტკიცების საშუალება.

– გეგა გეგეშიძემ თქვენ მიმართ ჩაიდინა ძალადობა. მაგრამ, თუ ის საერთოდ მოძალადეა, როგორ ფიქრობთ, დავუშვათ, თქვენ ნაკრებიდან წახვედით, სხვა მოჭიდავეებს აღარ დაჩაგრავს და მათზე აღარ იძალადებს? ეს კითხვა გეგეშიძესაც ჰქონდა თქვენთან.

– მე ეს ვთქვი: შეიძლება, დავტოვო ქვეყანა ან ჭიდაობა, გაჩერებას არ ვაპირებ. იქიდანაც ვიბრძოლებ, რომ არასწორმა ადამიანმა ფედერაცია დატოვოს.

– სასულიერო პირთან დაკავშირებულ თემას უნდა შევეხოთ. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, მას თქვენ უფრო დიდი ხანია იცნობთ, ვიდრე თავად გეგეშიძე და ახლო ურთიერთობაც გაკავშირებთ. მოძღვარმა გითხრათ, რომ ის გამოაგზავნეს?

– მამაოს, არ ვიცი, ეგ როდიდან იცნობს. შეიძლება, მე გავიცნო ადამიანი 10 წლის წინ და შენ გაიცნო ორი თვის წინ და შენ უფრო კარგი ურთიერთობა გქონდეს, ვიდრე მე. ასე ხდება და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რადგან დიდი ხნის წინ გავიცანი, მაგარი ურთიერთობა მაქვს. მე მკითხა ჟურნალისტმა, ფედერაციამ გამოგიგზავნათ თუ არა ვინმეო და არავინ-მეთქი… და მამაო ხომ იყო ფედერაციიდან მოსულიო, – კურტანიძემ თქვა, თუ გახსოვთ.

– თქვენ განაცხადეთ, რომ სასულიერო პირი მოგიგზავნეს. გეგეშიძე ამას უარყოფს. მოძღვარმა გითხრათ, რომ ის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გამოგზავნეს თუ თქვენ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?

– ეს თქვა კურტანიძემ. კურტანიძემ განაცხადა, მამაო იყო მისულიო. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ფედერაციიდან იყო გამოგზავნილი.

– მას შემდეგ, ამ სასულიერო პირს თქვენთან კონტაქტი არ ჰქონია?

– დიახ, სხვათა შორის, გუშინ შევხვდით და მამაოსთან საუბრისას, გეგასთან თქვენი ინტერვიუს ძალიან ახლო კავშირი დავინახე.

– უკვე გამოქვეყნებული იყო ეს ინტერვიუ?

– არა, მამაოს რომ გავესაუბრე, ასეთი აზრი დამრჩა.

– იმის თქმა გინდათ, რომ სასულიერო პირს გავუგზავნეთ ინტერვიუ, მოვუყევით თუ რას გულისხმობთ?

– არა, არა. გეგასთან თუ შეგიძლიათ დააკავშიროთ.

–  გუშინ მას, მისი ინიციატივით შეხვდით თუ კიდევ გამოგზავნილი იყო?

– გუშინ საპატრიარქოს ინიციატივით იყო შეხვედრა.

– საპატრიარქოს რა წინადადება ჰქონდა?

– შერიგების.

– გეგეშიძემ განაცხადა, რომ თქვენ, ძმებთან ერთად, ყველგან ჩხუბობთ. მისი ბრალდებების სია დიდია: მსაჯს გაუტეხეთ ცხვირი, ევროპის თასზე სპორტსმენთან იჩხუბეთ, რის შემდეგაც გათამაშებიდან მოგხსნეს და ა.შ.

– მე თუ ადამიანთან მიჩხუბია,  ვფიქრობ, რაღაც უსამართლობის გამო მიჩხუბია. მაგრამ მე, ადამიანის ცემისთვის, ფული არასდროს ამიღია,  განსხვავებით ბატონი გეგასი და მისი გარემოცვის.

–  რას გულისხმობთ?

– ზოგადად ვამბობ. მე არ ამიღია კაცთან  ჩხუბისთვის ფული არასდროს.  თუ მიჩხუბია, ვფიქრობ, რომ უსამართლობა ხდება. ჩხუბი ბოლო გამოსავალი ყოფილა. კიდევ გიმეორებთ, კაცი არ მიცემია ფულის გამო.

– პირადი შეურაცხყოფისთვის გიცემიათ?

– პირადი შეურაცხყოფის გამო,  შეიძლება მიჩხუბია. ეს ცემა არ ვიცი, როგორ განისაზღვრება. კაცი ვარ და მიჩხუბია. და ძალიან ცუდიც გამიკეთებია, თუ მიჩხუბია.

– ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, გეგეშიძემ განაცხადა, რომ იმ საქმეში თქვენ მხოლოდ დაზარალებული არ იყავით. რას გულისხმობდა ის?

– მე დაზარალებულის სტატუსი მქონდა მხოლოდ.

– ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ამ ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც სპორტსმენები იყვნენ, კონკრეტულად კი, კალათბურთელები. რატომ არავინ დააკავეს თქვენი დაჭრის გამო?

– თქვენ ფიქრობთ, რომ გეგა დამეხმარა?

 –  დაგეხმარათ?

– გეგა თუ დამეხმარა, ზეგავლენას ახდენს სამართალდამცავებზე?  თუ დამეხმარა, კანონს არღვევს? დასასჯელი ვიყავი და ამაში დამეხმარა? გეუბნებით, დაზარალებულის გარდა, მე სხვა სტატუსი არ მქონია.

– ამ ინციდენტში რა ფორმით იყო ჩართული გეგეშიძე?

–  თუ გეგა გეგეშიძე ფიქრობს, რომ საავადმყოფოში მოსვლა და მონახულება დახმარებაა, კი, დამეხმარა. როცა ამერიკიდან ჩამოვედი, დავურეკე და ვთხოვე, ჩემი ნივთებია იქ და თუ შეგიძლია, გამომატანინო-მეთქი და სამწუხაროდ, არ დაინტერესდა ჩემი თხოვნით.

–  „რეკორდერთან“ ინტერვიუში გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩადენილს ნანობს, თუმცა მისთვის კითხვა არ დაუსვამთ, რატომ მოგიქნიათ ან დაგარტყათ ხელი? „ჩემს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ გიჟი ვარ, მივედი და ხელი დავარტყი?“ – ეს მისი სიტყვების ციტირებაა.

– თვითონ გადაწყვიტოს, გიჟია თუ არა. მე იმას გეტყვით, რომ აგრესიული ადამიანია. მოძალადე პიროვნებაა.

– ძალადობის სხვა ფაქტებიც არსებობს?

– კონკრეტულად, სხვებიც არიან.

– ისინი რატომ არ იღებენ ხმას?

– ეს პირადული იყო. ცხოვრებაში, შეიძლება, რაღაც გადაგხდეს ადამიანს.  ჩემს ჩხუბზე რომ საუბრობს, ის თქვას, ტაბელური იარაღიდან, საქართველოს ჩემპიონატზე ვიღაც რომ დაჭრა. ავიწყდება ასეთი რაღაცეები.

– როდის მოხდა ეს?

– წლები არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია, დაგიზუსტოთ. მოგაწვდით. კითხვები იყო კიდევ, გიორგიმ (ზურა დათუნაშვილის ძმა) ვიღაცას ცხვირში ჩაარტყაო… და მე ვიჩხუბე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.  2013 წელს, კარტოზიას ტურნირზე, გიორგიმ ჩაიდინა ცუდი საქციელი და ორი წლით, დისკვალიფიკაცია მიიღო, დაისაჯა, აგო პასუხი დანაშაულზე. რაც შეეხება ევროპის თასს, აშკარა იყო, რომ ჩვენს ბიჭებს აგებინებდნენ. გუნდური შეჯიბრება იყო და ჩემი შეხვედრა წყვეტდა ყველაფერს. რუსეთთან მიმართებაში, მსაჯები ყოველთვის მიკერძოებულები არიან.ხომ იცით, ჩვენთვის, ქართველებისთვის, რუსებთან დაპირისპირება ცოტა უფრო განსხვავებულია და ის განცდა, რომ მსაჯი გაგებინებს… ამიტომ მოხდა ეს ჩხუბი.

– ზურა, სპორტსმენებს არ მართებთ თავის შეკავება?

– კი, გვმართებს. მე რომ წამეგო ის დაპირისპირება, გუნდი აგებდა. ის შეხვედრა მოიხსნა. მოგება არ ჩაუთვალეს არავის.

რაც სპორტის სასახლეში მოხდა, ამ ინციდენტში თავს დამნაშავედ გრძნობთ?

–  არა.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ შესაძლოა, თქვენი ბრალიც ყოფილიყო, თუმცა პრეზიდენტს მაინც არ უნდა დაერტყა. რა ბრალეულობას ხედავდით მაშინ?

– კი, შეიძლება. თუ ზედმეტად გამოვხატე, ამას ვგულისხმობდი, ალბათ. მე თუ ზედმეტად გამოვხატე,  არანაირი უფლება არ ჰქონდა გეგეშიძეს, ასე მოქცეულიყო. ყველაფერზე ერთნაირი რეაქცია ხომ არ გექნება ადამიანს. მეც ასე მომივიდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მსაჯებმა მიკერძოებულად იმსაჯეს და ვნახეთ ის რეაქცია, რაც თქვენი მხრიდან მოჰყვა. საქართველოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხით დასრულდა ზურა დათუნაშვილის კარიერა?

–  რომელი მარცხი?

– კობლიაშვილთან.

– მე არ  ვფიქრობ, რომ ეგ შეხვედრა წავაგე.

–  თუმცა, თქვენ მოიხსენით შეჯიბრებიდან, კობლიაშვილი კი ჩემპიონის კვარცხლბეკზე იდგა და მოხსნამდეც, ანგარიში მის სასარგებლოდ იყო.

– რატომ მოვიხსენი მე? ჩემთვის უნდა მოეცათ ყვითელი ბარათი. თუ არ გავჩერდებოდი, წითელი ბარათი და ამ დროს ვიხსნებოდი. თუ გადავიდოდი ხალიჩიდან, მაშინაც მოვიხსნებოდი.

– როდესაც უცხო პირი ადის ხალიჩაზე, მაშინ რა ხდება?

– დაცვამ უნდა გაიყვანოს, თუ თავისით არ გადადის.

– მაგრამ თქვენი სეკუნდანტი, რომელიც თქვენივე ძმა იყო, მას ჰქონდა ხალიჩაზე ასვლის უფლება?

– არა და თუ არ გადის, ისიც დაცვამ უნდა გაიყვანოს. არ ჰქონდა შემოსვლის უფლება ხალიჩაზე,  მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევები და ყვითელი ბარათი უნდა მიეცათ. სპორტსმენი თუ გადადის ხალიჩიდან, ის იხსნება, მაგრამ ჩემთან ერთად რობერტიც გადმოვიდა.

– ანუ, კობლიაშვილიც უნდა მოხსნილიყო და ეს შეხვედრა უნდა გაუქმდეს?

– კი, წესების თანახმად, ასეა.

–  რობერტ კობლიაშვილი იყო ნაკრებში ერთადერთი მოჭიდავე, რომელიც ზურას მეგობარი იყოო, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.  დღეს თქვენ მეგობრები ხართ?

– საიდან გადაწყვიტა გეგა გეგეშიძემ, მე და რობერტი მეგობრები ვართ თუ არა? კი, ვმეგობრობთ.

– მომხდარი ამბის შემდეგ, მასთან ისაუბრეთ? რამდენად ხშირად გაქვთ კომუნიკაცია?

–  კი, ჩვენ გვქონდა საუბარი. შეკრებიდან ჩამოვიდა, ტელევიზიით ვერ გამოვალო, მაგრამ თუ მივიდა საქმე იქამდეო, რომ მხარე გამოჩნდესო, მე შენს მხარეზე ვარო. რობერტმა მე მითხრა,  თუ დადგებოდა ეს ეტაპი, მე დავინახავდი, რომ ის ჩემს გვერდით იყო.

 – დაინახეთ?

– ამ ეტაპზე, ეს ვერ დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.

– რობერტ კობლიაშვილი მსაჯებს საქართველოში დაუჩაგრავთ?

– კი, იყო ასეთი ფაქტები.

– მიზეზი რა იყო ამის?

– გეგეშიძე.

– და რატომ?

– რატომ, გაარკვიეთ. ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ მათი გულისთვის ბევრს ჩაგრავდნენ.

– ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ დაგჩაგრავდნენ თქვენ მსაჯები რობერტ კობლიაშვილის წინააღმდეგ, თუკი კობლიაშვილსაც მანამდე ჩაგრავდა გეგეშიძე?

– სპორტული კარიერის დროს იყო ასეთ რაღაცეები. იმიტომ დამჩაგრეს, რომ მე კობლიაშვილისგან განსხვავებული აზრი მქონდა.

– ჭიდაობის ფედერაციის ეთიკის საბჭო და პრეზიდიუმი აპირებს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილოს. გეგა გეგეშიძის განცხადებით, საბჭოზე განიხილავენ როგორც თქვენს არასპორტულ საქციელს, ისე – მისას.

– როდის აპირებს?

– ჯერჯერობით, უცნობია. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ეთიკის საბჭოს ლოგიკური გადაწყვეტილება?

– თუ ეთიკის საბჭოში იქნება ობიექტური ხალხი, გეგეშიძეს გაათავისუფლებენ.

– თქვენ რა სანქციას მიიღებთ?

– ვინ გადაწყვიტა ეს?

– ამას ეთიკის საბჭო წყვეტს. ფიქრობთ, რომ სანქციას არ იმსახურებთ?

– არ ვიმსახურებ.

– სხდომაზე თუ დაგიბარებენ, მიხვალთ?

– კი. გავეცნობი, ვინ არიან საბჭოს წევრები.

– თუ საბჭო გეგეშიძეს არ გაათავისუფლებს, მაშინ?

– თუ ეთიკის საბჭო ობიექტური იქნება, უნდა დაატოვებინონ პრეზიდენტის პოსტი. იმიტომ, რომ მოძალადეა ადამიანი. თქვენ გინახავთ სადმე ისეთი ფაქტი, რომ ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს სცემს? თუ არ გადააყენებენ, საქართველოში ჩემი საჭიდაო კარიერის დასრულებაზე ვიფიქრებ, ან სხვა ქვეყანაში წასვლაზე.

– გეგეშიძე აცხადებს, რომ არ გაგიშვებთ. ამაზე ხომ ფედერაციის თანხმობა გჭირდებათ?

– ამაზეც შევაწუხებ, თუ არ მომცემენ თანხმობას.

– მაგრამ მათ თქვეს, რომ თანხმობას ვერ მიიღებთ.

– თავიდან ისიც თქვა გეგეშიძემ, ხელი არ მომიქნევიაო, მერე – მოვიქნიეო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მჯერა, რომ მას გადააყენებენ.

–  ეთიკის საბჭო ჭიდაობის ფედერაციას ეკუთვნის. თქვენ ამბობთ, რომ ფედერაცია გეგეშიძეების კლანით არის დაკომპლექტებული. მაშინ, რატომ გაქვთ იმედი, რომ ის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს?

– ვნახოთ. დაველოდოთ. იმედი მაქვს, რომ გეგეშიძე დატოვებს პოსტს.

– ჭიდაობის ფედერაციის წესდებით, პრეზიდენტის გადაყენება მხოლოდ პრეზიდიუმს შეუძლია, ან თავად უნდა გადადგეს. მან კი განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია. თუ  ეთიკის საბჭო არ გადააყენებს, მაშინ ვინ?

–  მაშინ, თვითონ გადადგება.  ხომ ხედავთ, ხშირად ცვლის გადაწყვეტილებებს.

ფიქრობთ, რომ მას ამ გადაწყვეტილებას შეაცლევინებენ?

– შეიძლება თვითონ შეიცვალოს. ადამიანები ვართ, ხომ ვიცვლით რაღაცეებს… მან სხვა რაღაცეებიც თქვა თავიდან, რომ ხელი არ მოუქნევია. ახლა იძახის, მოვუქნიე და ვწუხვარო. დაველოდოთ. იქნებ იძახის ეს ადამიანი, რომ ხელში რკინაც მეჭირა, ჩავარტყი და ამის გამო, უნდა გადავდგეო.

–  თუ არც თვითონ გადადგა და არც ეთიკის საბჭომ გადააყენა, ამ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებთ?

– თქვენ გინდათ, რომ მე ვთქვა, მთავრობიდან ეტყვიან, გადადექიო?

– ეს მიანიშნეთ თუ არა, ამას გეკითხებით.

–  უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მთავრობა ეუბნება, გადადგეს? ეს გინდათ, რომ ვთქვა?

– რა გარანტიები მიიღეთ ყაველაშვილისგან?

– მე მას ვუთხარი, რომ ამ ადამიანთან და ფედერაციაში სიბინძურეები ხდება და მითხრეს, რომ ყველანაირად ისე გავაკეთებთ, გავწმენდთ სიტუაციასო.

– ეს ნიშნავდა იმას თუ არა, რომ გეგეშიძე ფედერაციას დატოვებს?

– მე ვუთხარი, რომ თუ იქ იქნება, ვერ გაიწმინდება-მეთქი და ჩვენ გავწმენდთო, დაპირება მომცეს.

–  ეს ნიშნავს, რომ გეგეშიძე ფედერაციას დატოვებს –  ეს დასკვნა გამოიტანეთ?

–  ეს რატომ ნიშნავს. მე იმედი მაქვს, რომ წავა. ყაველაშვილმა მითხრა, აი, უნდა გადადგეს – ეს არ მითქვამს.

– დასასრულს, ისევ თქვენი სპორტული კარიერის გაგრძელების საკითხს დავუბრუნდები. ეს ამონარიდია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც მან „რეკორდერს მისცა“. ის ამბობს:  „მე ხელს არც ერთ საბუთზე არ მოვაწერ, რომ ჩვენი სპორტსმენი, თანაც ასეთი წარმატებული, დაკარგოს ქვეყანამ და წავიდეს. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, ბატონი დათუნაშვილი დაუბრუნდეს სპორტს და აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, უფრო სწორედ, გამოსდიოდა. დაამტკიცოს, რომ ლიდერია, ჩემპიონი და არა ვიღაცის დაჩაგრული ბიჭი.“ თქვენი დაჩაგვრა ასე ადვილია? რა არის თქვენი პასუხი?

– ჭიდაობაში ხშირია, ადამიანს წააგებინო. მსაჯის პატარა ნიუანსი  ბევრს ნიშნავს. გეგა გეგეშიძის მოთხოვნა რას ნიშნავს? მოთხოვნა გააკეთოს მაგან, ვისთანაც გასვლია. მე გადავწყვეტ, რას დავამტკიცებ და რას გავაკეთებ.

– ანუ ლიდერობის დამტკიცებას არ აპირებთ?

– ლიდერი ლიდერთა შორის?  საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაცეები დავამტკიცე.

–  ისიც დაამტკიცეთ, რომ რობერტ კობლიაშვილზე ძლიერი ხართ?

– მე ახლა არ მითქვამს… ხომ შეიძლება, ლიდერი იყოს კობლიაშვილიც და მეც ვიყო ლიდერი.  ეს შეხვედრა რომ ობიექტურად წარმართულიყო, თუ გავიმარჯვებდი, გამოჩნდებოდა, რომ მე ვიქნებოდი უკეთეს ფორმაში, თუ დავმარცხდებოდი – უარესში და რობერტი იქნებოდა ჩემზე უკეთესი.

– 87 კგ წონით კატეგორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე, თქვენ ორიდან – ერთი წავა. როდესაც წონას იცვლიდით და კობლიაშვილის წონაში გადახვედით, იფიქრეთ იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, თქვენ ორს შორის არჩევანი გააკეთოს და რომელიმემ წასვლა ვერ მოახერხოთ?

– ამაზე წინასწარ ვერ იფიქრებ. იცით, რატომ? ეს ბუნებრივად ხდება. მე ხომ არ შემიძლია, ჩემი სხეულიდან რაღაც ამოვიღო და წონა დამაკლდება. დავიკლებდი და ვიჭიდავებდი 77 კგ-ში. გასაგებია, მეგობარია ჩემი და არ მინდოდა მეც, მაგრამ ჩემს ძმასთან მიწევდა ჭიდაობა. თუ იქნება იმის შანსი, რომ დავიკლო და 77 კგ-ში დავბრუნდე, დიდი სიამოვნებით დავიკლებდი. იმიტომ, რომ რობერტი ჩემი მეგობარია, კარგი სპორტსმენია და ძლიერი. გეთანხმებით, არჩევანი უნდა გაკეთდეს სწორად. თუ ისე მოხდა, რომ 87 კგ-ში ორი ადამიანი იქნება, სწორი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, ობიექტური მსაჯობით და ვინც მოიგებს, ის უნდა წავიდეს.

 

  • 66
  •  
  •  
  •  
  •