Nino from Georgia – ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპთან

აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს ქვეყნებიდან ლიდერ ქალებს უმასპინძლა

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც ტრამპის სამუშაო კაბინეტში შედგა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა. იქვე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.

სტუმრებს, დონალდ ტრამპის  შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა მიმართა და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს თხოვნით მიმართა, საზოგადოებისთვის ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინა. ზამბახიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და მის წარმატებას სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობით, საქართველოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვითარდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს“, – მიმართა ნინო ზამბახიძემ დონალდ ტრამპს, რაზეც პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა და უპასუხა – “მადლობა, მე ამას ვაფასებ“. 

https://www.c-span.org/video/?457674-1/president-trump-launches-womens-global-development-prosperity-initiative

  • 9
  •  
  •  
  •  
  •