რომის პაპი: მღვდლები მონაზვნებს სექს-მონებად იყენებდნენ

პონტიფიკი ამბობს, რომ ეკლესია პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, თუმცა ძალადობის შემთხვევები ისევ მეორდება

რომის პაპმა, ფრანცისკმა აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზვნები მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მისი თქმით, ეს პრობლემა დღემდე არსებობს.

პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როცა სასულიერო პირები მონაზვნებს, ფაქტობრივად, სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ.

პონტიფიკის თქმით, მისი წინამორბედი, პაპი ბენედიქტ XVI იძულებული გახდა, ქალთა ერთ-ერთი მონასტერი იმის გამო დაეხურა, რომ იქ მონაზვნები რეგულარულად განიცდიდნენ ძალადობას, მათ შორის, სექსუალურს – მღვდლების და  კონგრეგაციის მეთაურების მხრიდან.

მოგვიანებით, ვატიკანის პრეს-მდივანმა, ალესანდრო ჯიზოტიმ CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დააკონკრეტა, რომ რომის პაპი საფრანგეთის ერთ-ერთ კონგრეგაციას გულისხმობდა.

ფრანცისკის განცხადება კათოლიკური ეკლესიის პირველი აღიარებაა მღვდლების მხრიდან მონაზვნებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. პონტიფიკი ამბობს, რომ ეკლესია პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, თუმცა ძალადობის შემთხვევები ისევ მეორდება.

ამ თემაზე რომის პაპმა ხმამაღლა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტის დროს ისაუბრა. მან ასევე აღიარა, რომ ძალადობის მონაწილე არა მხოლოდ რიგითი მღვდლები, არამედ უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგარი პირებიც იყვნენ – საუბარი რამდენიმე ეპისკოპოსზეა.

რომის პაპის თქმით, ძალადობის შემთხვევები, ძირითადად, ახალ კონგრეგაციებში და ცალკეულ მონასტრებში ხდება.

რამდენიმე დღის წინ, ქალთა ჟურნალმა – Women Church World, რომელსაც თავად ვატიკანი გამოსცემს, ეკლესიაში ძალადობა დაგმო. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ძალადობის შემთხვევების დასამალად, რამდენიმე მონაზონს აბორტის გაკეთება აიძულეს, რასაც კათოლიკური ეკლესია ასევე მძიმე ცოდვად თვლის. ჟურნალში საუბარია იმაზეც, რომ დუმილი ქალებს – ეკლესიაში მათ მიმართ ძალადობის შესახებ, მოძრაობამ #MeToo დაარღვევინა.

 

წყარო: BBC

ფოტო: EPA

 

 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •  
  •