EXCLUSIVE გეგა გეგეშიძე:  ვნანობ! არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი დაპირისპირება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ექსკლუზიურად „რეკორდერისთვის“ - გეგეშიძე დაპირისპირების უცნობი დეტალებით

მაგდა კლდიაშვილი

11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურა დათუნაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი ახალ მასშტაბს იძენს.  როგორც ცნობილია,  გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა, რის შემდეგაც, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საზოგადოებას მიმართა და გეგეშიძის გადაყენება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონი კარიერის დასრულებით ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობით დაიმუქრა.

რა უძღვოდა წინ გეგეშიძე-დათუნაშვილის დაპირისპირებას და რა მოხდა 11 იანვარს სპორტის სასახლეში.

გეგა გეგეშიძე დუმილს არღვევს და ინციდენტის დეტალებზე პირველად „რეკორდერთან“ საუბრობს.

– მოდით, მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. როგორ მოხდა თქვენი ჩართვა კონფლიქტში, რომელიც 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მოხდა? თქვენ სტუმრების ლოჟაში იჯექით, შეგეძლოთ დაცვის სამსახურისთვის მიგენდოთ სიტუაციის განმუხტვა. რატომ არ მოიქეცით ასე?

– შორიდან დავიწყებ, თუ როდის დაიწყო ეს ამბავი, როგორ განვითარდა და შემდეგ ამ კონკრეტულ კითხვაზეც გიპასუხებთ. როდესაც ჩვენი გუნდი ფედერაციის სათავეში მოვიდა, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. დასახელდა გუნდის შემადგენლობა და წავედით ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენი ზურა ევროპის ჩემპიონი გახდა. ყველა გახარებული და ბედნიერი იყო. დავბრუნდით საქართველოში და მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი – ჩვენი ზურა გაეხვა კონფლიქტში და ძალიან მძიმედ დაიჭრა.  ეს ყველაფერი ტელევიზიით შევიტყვე და მაშინვე, გიორგი იანტბელიძესთან ერთად, მივედი საავადმყოფოში. ვუთხარით, თუ რამეში სჭირდებოდა ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, (ფინანსურს არ ვგულისხმობ), მის გვერდით ვიქნებოდით. ჩვენი შეთავაზება იყო მეგობრული და ვალდებულებაც იყო, ასე მოვქცეულიყავით. ზურა გამოწერეს და წავიდა ამერიკაში სამკურნალოდ.  სხვათაშორის, დიდი პრობლემები ჰქონდა და ჩემზე კარგად იცით, რომ ის არ იყო მარტო დაზარალებული. ზურამ უფრო კარგად იცის ეს… არ განვავრცობ ამ თემას. მის ნამუსზე იყოს… ამ დროს, დაჭრილი ზურა მკურნალობდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფორმაში ვერ შევიდა. მონაწილეობა ვერ მიიღო ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე, სადაც კომპლექტდებოდა ის შემადგენლობა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებდა.  მწვრთნელებმა და ჩვენ, ყველამ, მივიღეთ გადაწყვეტილება (და ეს სამომავლო გეგმებზე იყო გათვლილი), რომ ევროპის ორგზის ჩემპიონისთვის  მიგვეცა შანსი, წასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ მას სპორტისთვის თავი არ დაენებებინა. ფსიქოლოგიური მომენტი იყო. ვიფიქრეთ, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ სპორტსმენს შევინარჩუნებთ და სამომავლოდ, ეს ქვეყანას გამოადგებოდა. მის წონაში, ბალავაძე-კარტოზიას ტურნირი სხვამ მოიგო. ჩვენ თხოვნით მივმართეთ იმ სპორტსმენს, რომ ეს არის გუნდისთვის, ფედერაციისთვის, ქვეყნისთვის და თუ ძალიან ცუდად არ გაიგებდა, შესულიყო ზურას მდგომარეობაში, როგორც სპორტსმენი, მეგობარი და ზურასთვის მიგვეცა შანსი.  ასე წავიდა ზურა მსოფლიო ჩემპიონატზე. თქვენც ბრძანდებოდით პარიზში. როგორ იჭიდავა, ვისთან წააგო, კარგად ნახეთ. ევროპის ჩემპიონატზე მოუგო იმ სპორტსმენს, ვისთანაც პარიზში წააგო. რა თქმა უნდა, ეს იმ ტრავმების გამო მოხდა, ვერ შევიდა ბოლომდე ფორმაში. ერთხელ არ უთქვამს ბატონ ზურას, ახლა რომ იძახის, სიმართლე მინდა, არავინ უნდა დაიჩაგროს და ყველას მივცეთ შანსიო, არ მოსულა და არ უთქვამს, მე კი ვარ ორგზის ევროპის ჩემპიონი და შანსს მაძლევთ, მაგრამ ამ ბიჭმა მოიგო და თუ შანსია, მოდი, ერთმანეთს გვაჭიდავეთ და ვინც მოიგებს, ის წავიდესო. ისეთი ბედნიერი და გახარებული იყო, წავიდა და ნახეთ, როგორ წააგო. ეს ბიჭიც გაგვინაწყენდა და ჩვენი გეგმა, რომ სამომავლოდ ზურა შეგვენარჩუნებინა, არ გამოვიდა. დავბრუნდით საქართველოში, მაგრამ ზურა ფორმაში ვერ შევიდა. მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. მისი მაისურებით დავდიოდით, მხარდაჭერას ვუცხადებდით, კონფლიქტიც არ ყოფილა. მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და წავიდა ევროპაზე. ათი წამი იყო დარჩენილი, რომ წააგო. კითხვაზე – რატომ წააგეთ, ბატონო ზურა? პასუხია, რომ, თურმე, მსაჯებმა ტაბლო გაუჩერეს.

– ჩვენ მოვისმინეთ მისი გარემოცვის განცხადება ევროპის ჩემპიონატზე მარცხთან დაკავშირებით, რომ ზურას წაგება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კასპიისკში ჩატარდა, იყო მწვრთნელების ბრალი, ვინაიდან ახალი წესების შესახებ მათ სპორტსმენს ინფორმაცია არ მიაწოდეს.

– ათი წამი რომ არის დარჩენლი და სპორტსმენი ამბობს, ტაბლო გამიჩერეს და ამის გამო წავაგეო, ახალი წესები რა შუაშია? მწვრთნელები ბიჭებს შეჯიბრზე ისე უშვებენ, რომ არ უხსნიან, რამე თუ შეიცვალა?! ასე უცებ, ევროპის ჩემპიონატის წინ, არ იცვლება წესები, ერთი დღით და ერთი კვირით ადრე.  UWW (ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება) გზავნის ამ ცვლილებებს ყველა ფედერაციაში, სადაც ხდება მისი განხილვა. წინასწარ, ამ შეცვლილი წესებით, ბევრი ტურნირი ტარდება, რომ სპორტსმენი მას შეეჩვიოს. დათუნაშვილის პოზიცია, ამ მარცხთან დაკავშირებით, იყო ტაბლოს გაჩერება, მსაჯების ბრალი. იმას ხომ ვერ იტყვის, რომ მასზე განაწყენებული ვიყავი და იქაც, ინტერესი მქონდა მისი წაგების, ან მსაჯებთან ჩავერიე და წავაგებინე. ამის შემდეგ, ჩატარდა ისევ ბალავაძე-კარტოზია და ისიც წააგო. შეკრებაზე კი მწვრთნელებს განუცხადა, რომ მისთვის შანსი უნდა მიეცათ, როგორც ევროპის ორგზის ჩემპიონისთვის. მწვრთნელებმა უთხრეს, ზურა, ჩვენც კარგად ვიცით, რომ ევროპის ორგზის ჩემპიონს შანსი უნდა მოგცეთო, მაგრამ იმ წონაში, რაშიც ახლა იჭიდავე და არა სხვა წონაშიო. ორი ტურნირია – თურქეთსა და გერმანიაში. გაგაყოლებთ და თუ გადაასწრებ სხვებს და უფრო კარგ ფორმაში იქნები, რა პრობლემააო.  ეგ არ არის შანსიო. აბა, რას ეძახი შანსს?! ქვემოთ წონაში სხვა ბიჭი რომ დგას, ემზადება და თავისი გათვლები აქვს, ის უნდა ჩავხსნათ შენს გამოო?! – მაშინ, პრეზიდენტთან წავალო, თუმცა მანამდე, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, რომ ზურა დათუნაშვილს ავიწროებენ. ფედერაციაში, ჩემთან, თავის ძმასთან ერთად მოვიდა, მე მჩაგრავენო. რაში გამოიხატება  ჩაგვრა, ან რატომ თვლი ასე-მეთქი და შანსს უნდა მომცენო. კი წავაგე, მაგრამ მსოფლიო მაინც უნდა ვიჭიდაოო. არ გაძლევენ შანსს-მეთქი და კი, მაგრამ მე სხვა წონაში მინდაო. ვთხოვე,  წადი გერმანიასა და თურქეთში, იქ იჭიდავე, მაგრამ არა – ქვედა წონაში მინდაო. ვეუბნები, ზურა, კარგად მომისმინე, შენ ხარ ევროპის ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე. დღეს ამ წონაში წააგე, გუშინ – სხვა წონაში, ხვალ სხვა წონაში და… შენ ყველა წონაში უნდა მოგცენ შანსი და ვინც მოიგო და ვინც დაიმსახურა, იმას შანსი არ უნდა მივცე-მეთქი? – კი, ყველას უნდა მივცეთ შანსიო. ამა თუ იმ წონით კატეგორიაში, ვინც ივარჯიშა, მთელი წელი იწვალა, მოიგო და ახლა შენ მოდიხარ და ჩემო ძმაო, შენ გაიწიე, მე ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ და ყველაფერი მე მეკუთვნის, ყველგან მე უნდა წამიყვანონ, შენი თავი დააყენე მათ ადგილას, ყველას უნდა მიეცეს შანსი და შენც გეძლევა იმავე წონით კატეგორიაში, სადაც იჭიდავე, სხვაგან ვერ ვხედავ შანსს და არც იქნება სამართლიანი-მეთქი.  მაშინ გაუშვითო, – მისი ძმა წამოხტა, – სხვა ქვეყნის სახელით გამოვაო. მე ავუხსენი, ორგზის ჩემპიონია შენი ძმა. წააგო ერთხელ საქართველოს ჩემპიონატზე და სხვა ქვეყანაში გაქცევა, მგონი, არ არის ნორმალური. პირიქით, მეტი უნდა იშრომოს, იწვალოს, დაამტკიცოს, რომ ლიდერია. არა, წავალთ, ძმაკაცურად გაუშვიო. იცის, რაც მაქვს გაკეთებული მათთვის, კი არავის ვამადლი და იციან, რამდენჯერ დავეხმარე. ამაზე ზედმეტად ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ თუ ჩვენ ვძმაკაცობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ყველგან შენ უნდა იყო. ავუხსენი, შენზე სახელმწიფოს ასი ათასობით ლარი აქვს დახარჯული პრემიის, ხელფასის, ეკიპირების, ჭამის, სმის, ვიტამინის კუთხით. ყველაფერი გათვლილია. სახელმწიფო სპორტსმენზე დიდ თანხას ხარჯავს და ახლა მე შენ რომ გაგიშვა ქვეყნიდან, რამდენი წავა, წარმოგიდგენიათ? რაც უფრო დიდია კონკურენცია, უფრო მეტი შედეგია. დღეს შენ გაგიშვებ, ხვალ სხვას მოუნდება და მე ხომ არ დავრჩები?

– რომელიმე ქვეყანა დააკონკრეტა, როდესაც წასვლაზე თანხმობა გთხოვათ?

– არა,  ასეთი რამ არ ყოფილა.

– თუმცა ზურა უარყოფს, რომ ამ თხოვნით მოგმართათ.

– გავაგრძელებ. მათ ვუთხარი, რომ ასეთ პასუხისმგელობას ჩემს თავზე ვერ ავიღრებდი და პირდაპირ ვუთხარი, რომ ვერ გავუშვებდი. ევროპის ორგზის ჩემპიონი რომ წავიდეს, ამას სხვანაირი კუდი მოებმება. იმას კი არ იტყვიან, შანსი მისცეს, არამედ იმას, რომ გეგეშიძემ გააქციაო. როგორც უნდათ, ისე დაწერენ, რომ გეგეშიძე ყიდის და ყრის ხალხს. არსებობს ეთიკის კომისია, სამეთვალყურეო საბჭო, სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი, წაბრძანდი და თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ უნდა წახვიდე, თავის თავზე აიღებენ ყველაფერს, კი, ბატონო. მე წინააღმდეგი ვარ. შეხვდა რომან რურუას, ბაკა გოგიტიძეს, ედიშერ მაჩაიძეს, მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძესაც ესაუბრა. ყველამ უთხრა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენებმა კომფორტულად იგრნონ თავი. ყველაფერი აქვთ, აქამდე თუ 150 ლარი იყო ხელფასი, ახლა 700, 500 და 300-300 ლარია. სახელმწიფო სპორტსმენში ფულს დებს და უცებ მას მოუნდა, სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს და ისევ ჩვენსას მოუგოს. ე.ი. სხვა ქვეყანას ვუმზადებთ სპორტსმენებს, ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ? ეს არ არის სწორი. წავიდა, შეხვდა ამ ხალხს და ყველამ უარი უთხრა. როგორც თავად ამბობს, გააგრძელა ვარჯიში. არსად ჩანდა, აქ არ მოდიოდა. ვიცოდით, რომ ვარჯიშობდა. კონფლიქტი არ გვქონია. არ მიმიცია საბაბი, ჩემზე ნაწყენი ყოფილიყოს. რეკავს მისი მწვრთნელი, ბატონი ვილი ხარაზოვი, საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა უნდა და პრობლემა ხომ არ იქნებაო? რა პრობლემა უნდა იყოს, პირიქით, მოვიდეს, ვინმე დევნის და შეურაცხყოფას აყენებს? კარგით, გამოჩნდებაო. ივარჯიშა და გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ჩემპიონატი, სპორტის სასახლეში, ასე მასშტაბურად არასდროს ჩატარებულა, ამდენი მაყურებელი არ მოსულა. ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და სპეციალურად ჩამოვიყვანე ოლიმპიური კატეგორიის არბიტრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომ მიკერძოება არ ყოფილიყო. ამის პრობლემა გვაქვს ხანდახან და თავი დავიზღვიე. ამ არბიტრებმა უნდა უმსაჯონ სწორედ ჩვენს მოჭიდავეებს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე. რაც მეტი ლიცენზია ექნება ფედერაციას, ქვეყანას, უფრო კარგი არ იქნება? დათუნაშვილმა ჩემზე კარგად იცის წესები. ბოლო 30 წამში, არავინ აფრთხილებს მოჭიდავეს, თუ ის არ გარბის მეტოქისგან. დათუნაშვილი ამ დროს ეჭიდავება თავის ყველაზე საუკეთესო მეგობარს, უკვე მესამედ შეცვლილ წონაში. 32 წამი იყო დარჩენილი, სომეხმა მსაჯმა შეცდომა დაუშვა, რომელსაც არ დაეთანხმა მთავარი არბიტრი. ატყდა დათუნაშვილი, გადმოხტა მისი ძმა, მისი მწვრთნელიც, რომელიც ორივეს ამშვიდებდა. გეკითხებით, როგორც ჟურნალისტს, თქვენ ხომ იცით, რომ ხალიჩაზე ფეხი არ უნდა შედგას, არც მწვრთნელმა და არც გულშემატკივარმა? ეს უკვე წითელი ბარათია და საერთოდ ყველა უნდა გააძევო ხალიჩიდან. ჩხუბს მეორე ძმა აჰყვა. გასაგებია, რაღაც მომენტში, რომ შენი ძმა ჭიდაობს, ღელავ, განიცდი, მაგრამ თუ მართალი არ არის, შეიძლება იჩხუბო?! თან დათუნაშვილები ფიქრობდნენ, რომ აზერბაიჯანელ მსაჯს შეიძლებოდა კობლიაშვილის მწვრთნელთან რაღაც ურთიერთობა ჰქონოდა და მისთვს ეთქვა, მომაგებინეო. ამის გამო დაიწყეს ჩხუბი, ზაზა ჯიბლაძე იცნობს აზერბაიჯანელ მსაჯს და მას უთხრაო.  მერე, მე დამაბრალეს და რეალურად რომ შევხედოთ – ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემპიონი კობლიაშვილი გახდებოდა თუ დათუნაშვილი?

– დათუნაშვილი ამას იმით ხსნის, რომ მისი განსხვავებული აზრი თქვენთვის მიუღებელია.

რა არის განსხვავებული აზრი? ის, რომ ყოველ დღე სხვადასხვა წონაში უნდა ჭიდაობა და ამას რომ არ ითვალისწინებენ? ჩვენ დავუშვით შეცდომა, ეგ რომ გავითვალისწინეთ, ზუსტად. ევროპის ორგზის ჩემპიონი და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უნდა დაგვეპირისპირებინა ერთმანეთისთვის და ეს იქნებოდა ყველაზე სწორი.  მოდით, სხვა რაღაცას გეტყვით, დათუნაშვილები რომ სულ ჩხუბობენ, ეს ახალი არ არის. ხან მსაჯს უტეხენ ცხვირს, ხან მსაჯებს აბრალებენ წაგებას…  

– რომელ მსაჯს გულისხმობთ, ვის გაუტეხეს ცხვირი?

– თქვენ კარგად იცით, რომელსაც. ჰკითხეთ თვითონ დათუნაშვილს და გეტყვით, მისმა ძმამ ჩვენს რომელ მსაჯს გაუტეხა ცხვირი. დათუნაშვილმა ევროპის ერთა თასზე იჩხუბა რუს მოჭიდავესთან და მოხსნეს შეჯიბრიდან. მაშინ საერთოდ არ ვყოფილვარ ფედერაციაში. მსაჯები რომ ცემეს, არც მაშინ. სულ ჩხუბობენ, სულ კონფლიქტი აქვთ, რატომღაც ყველაფერი  მსაჯების ბრალია.

გავაგრძელებ 11 იანვრის თემას – დარბაზში გრძელდება დიდი აყალმაყალი, ადიან ხალიჩაზე და ჩადიან, იგინებიან, ბალიშებს ისვრიან. იმდენიც იკადრეს, რომ ჩამოსულ მსაჯებს მაგიდაზე დაუფურთხეს, დედა აგინეს და ხელი ჰკრეს. დათუნაშვილს თუ აგებინებდნენ, დალოდებოდა შეხვედრის კომისარს. თუ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მას გაფრთხილებას მისცემდნენ, დათუნაშვილს კი – ქულას, მაგრამ თავადვე იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. მსაჯები მართლები იყვნენ და რაც არ უნდა ეყვირა, მაინც ისე გადაწყვეტდნენ, როგორც სწორი იყო და არა ისე, როგორც გეგეშიძეს სურდა. ატეხეს წივილ-კივილი, რომ გამოჩენილიყო, როგორ იჩაგრება დათუნაშვილი. საუკეთესო მეგობარს ხვდებოდა, მის მეტი მეგობარი ნაკრებში არ ჰყავდა და ისიც დაკარგა. ძალიან ცუდი რამ ხდებოდა, ამდენი ადამიანის თვალწინ შეურაცხყოფას აყენებდნენ გულშემატკივარს, ჩამოსულ მსაჯებს, ვეტერან სპორტსმენებს. მივიდნენ მასთან ბექა როყვა და ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სულ „დევნის“ თურმე და ეუბნება, ზურა, ეს არაფერს წყვეტს, – კადრებშიც ჩანს, – დამშვიდდი, დაწყნარდი, კიდევ არის შეჯიბრებები, გაჩერდი და ნუ ჩაშლი, მაგრამ არ გაჩერდა. ბოლოს თავისმა მწვრთნელმა გაიყვანა, მისი ძმა – ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მაგრამ გადმოხტა გოჩა ჩორგოლიანი, როგორ – შენ ძმას აგებინებენ და რა გული გაქვს, ბიჭოო. ისევ ატყდა ამბავი, ვიღაცას მხარი ამოუგდეს, ვიღაცას თავი გაუტეხეს…

მოდის ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ჩემთან და მეუბნება – მე ვარ ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი, შეურაცხყოფა მომაყენეს და მომმართავს, რომ მივიღო ზომები, ოფიციალურად, ისე კი არა, როგორც მე მომესურვება. დავუძახე ედიშერ მაჩაიძეს, რომელმაც მითხრა, რომ სპორტსმენი არასპორტული საქციელისთვის უნდა მოიხსნას. არ გაჩერდა ეს ჩოჩქოლი, დათუნაშვილის ორივე ძმა გამოსულია. ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ გადავსულიყავი და მეთხოვა, გაჩერებულიყვნენ, არ მქონდა ამის უფლება, არ შეიძლება? გადავედი, გავცდი ჩოჩქოლს, ერთ დათუნაშვილს, მეორეს და მივედი მესამესთან. ეს კადრებშიც კარგად ჩანს. ისიც ჩანს, რომ მის მიერ ჩემს შეტრიალებას მოჰყვა ჩემი ხელის მოქნევა. მე, რა თქმა უნდა, თავს არ ვიმართლებ…

 – რა გითხრათ დათუნაშვილმა?

– ნამდვილად არ მსიამოვნებს ჩემს შეურაცხყოფაზე საუბარი. გახსენებაც არ მინდა. როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ძალიან რთულია იმ მომენტში თავის შეკავება. რთულია თქმა, შეიკავებს ვინმე თუ არა თავს. არ უნდა მომექნია ხელი, მაგრამ, არავინ იცის, ამ დროს რას გააკეთებს. ჩამოსულები არიან სტუმრები, ოლიმპიური კატეგორიის არბიტრები, რომლებმაც ჩვენს ბიჭებს უნდა უმსაჯონ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელს, იქ როგორ იმსაჯებენ და ამას რა მოჰყვება, ვფიქრობდი, წყენა როგორ დავავიწყო მათ და გადავედი ამისთვის. დათუნაშვილთან საჩხუბრად რომ გადავსულიყავი, მას არ გავცდებოდი. მივდიოდი მისი ძმის დასაწყნარებლად. გამაჩერეს და შეურაცხყოფა მომაყენეს. არ მინდა, თავის მართლება გამომივიდეს. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რაც ნახა, რომ მოჭიდავეების ამ კონფლიქტსა და უსაქციელობას შეესწრო. ვიცი, პრეზიდენტი როცა ხარ და თუნდაც შეურაცხყოფას გაყენებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ ვერ მოვითმინე.

დათუნაშვილი უარყოფს, რომ რამე სახის შეურაცხყოფა მოგაყენათ.

– კადრებში ჩანს: მივდივარ, ვცდები მას, მატრიალებს, რაღაცას მეუბნება და მე ხელს ვუქნევ. მითხარით ახლა თქვენ მე – გიჟი ვარ? მანამდე თუ გვერდით ჩავუარე, თუ საჩხუბრად ვიყავი გადასული, რატომ გავცდებოდი მას, პირდაპირ თავს დავესხმებოდი. გამაჩერა, კაი ბიჭი ხარო, – მითხრა და მე ხელი მოვუქნიე?

– არის კადრები, რომელიც საზოგადოებას არ უნახავს. იმ ვიდეოში ჩანს, რომ თქვენც გირტყამთ ვიღაც. როდესაც გამოძიებას ამასთან დაკავშირებით თქვენთან კითხვები ჰქონდა, პასუხი არ გაეცით. რატომ არ მიეცით ჩვენება?

–  გულწრფელად გეტყვით, კადრების ნახვის შემდეგ აღვიდგინე გარკვეული მომენტები. როდესაც დათუნაშვილმა მომატრიალა და რაღაც მითხრა, მე მას ხელი მოვუქნიე და ამ დროს უკან ვიღაც მომახტა, არ დამინახავს, ტუჩი გამისკდა და იანტბელიძემ გამიყვანა სისხლიანი. ჩხუბის სხვა კერა წარმოიშვა მერე იმ ადგილზე. ვინ დამარტყა, ზუსტად ვერ გეტყვით, არც მახსოვს და არც დამინახავს, ხელს ვერავის დავადებ.

– მოჭიდავე ამბობს, რომ ბლაგვი საგნით, რკინის ხელკეტით გაუსწორდით, რა გეჭირათ ხელში?

– დათუნაშვილმა პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ რკინის მილი მეკავა, შემდეგ -ბლაგვი საგანი, ჩორგოლიანმა ჯაჭვი დაინახა. რაც მეჭირა ხელში, პოლიციას აქვს ამოღებული და ეს არის ჩვეულებრივი ფსკვნილი, რაც კადრში ჩანს. სხვა არაფერი მეკავა, არც ჯაჭვი მქონია და არც მილი. მილი რომ მქონოდა, როგორ დავმალავდი? მას, სავარაუდოდ, კობლიაშვილთან ჭიდაობის დროს გაუსკდა შუბლი, რადგან თავის დარტყმები იყო ჭიდაობისას. ჩემი ხელის მოქნევის შემდეგ, მას არ ჰქონია დაზიანებები და ვერც ექნებოდა.

ზურა დათუნაშვილი ამბობს, რომ თქვენი მხრიდან ის იბლოკება, რადგან მას განსხვავებული აზრი აქვს და კონფლიქტი, ფედერაციასა და სპორტსმენს შორის, ზაფხულში, შეკრებაზე დაიწყო. დათუნაშვილის თქმით, კონკრეტული სპორტსმენის დაჩაგვრას აპირებდნენ და ამის გამო, მწვრთნელებთან მოუვიდა კონფლიქტი და შეკრება დატოვა. რომელ სპორტსმენზე საუბრობს დათუნაშვილი?

–  მოდით, ჩავუღრმავდეთ. სად გაგიგიათ, მწვრთნელები უთანხმებდნენ სპორტსმენს, ვის წაიყვანენ ან არ წაიყვანენ შეჯიბრზე. დათუნაშვილი რატომ იგონებს ამას?!

– როგორც კაპიტანს, ისე მკითხესო, – ამბობს მოჭიდავე.

– კაპიტანი აღარ არის, ორი წელია. ამასაც შევეხოთ. კაპიტანი იყო ადრე, ორი წელი გუნდში რომ ვერ ხვდები, პირველი ნომერი რომ აღარ ხარ, რანაირი კაპიტანი ხარ? კაპიტანი აღარ არის, ამას ხაზი გავუსვათ.

– დათუნაშვილმა თქვა, რომ მისი ნაკრებში დაბრუნება, ზაფხულის შემდეგ, ვეტერანების თხოვნით მოხდა, რომლებიც მას თქვენ „მიუგზავნეთ“. ვინ დაგეგმა ვეტერანებთან დათუნაშვილის შეხვედრა?

– ვეტერანებს, რომლებსაც ის ახსენებს, ეთიკის კომისიაზე შეხვდა. ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი მოჭიდავე, რომან რურუა მე „მივუგზავნე“ დათუნაშვილს? როგორი წარმოსადგენია, რომ მე მივედი მასთან და ეს ვთხოვე. თავად მივიდა რომან რურუასთან, ბაკა გოგიტიძესა და ედიშერ მაჩაიძესთან, რადგან ჩემგან ქვეყნიდან წასვლაზე მიიღო უარი.

– დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დათუნაშვილის განცხადებას სასულიერო პირთან დაკავშირებით. მისი თქმით, თქვენ მას „მამაოც მიუგზავნეთ“, რომელიც პრივილეგიებს დაჰპირდა. სპორტსმენის გარემოცვა ამბობს, რომ მათ ამ შეხვედრის ჩანაწერიც კი აქვთ. თქვენი ინიციატივა იყო ეს შეხვედრა?

–  ამას ისე მეკითხებით თუ მართლა გაინტერესებთ? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მამაოს სანამ მე გავიცნობდი, დათუნაშვილი უფრო ადრე იცნობდა.

– რომელ სასულიერო პირზეა საუბარი?

– სულ რომ დაჰყვება, ბუდაპეშტშიც მასთან ერთად იყო. ძალიან ცუდია, როცა მამაოს რაღაცას აკადრებ, რომ ვიღაცამ მიუგზავნა. დათუნაშვილი მამაოს მხარზე კოცნიდა, ის ლოცავდა და ისე გადიოდა შეჯიბრზე. რომ მოიგებდა და გამოდიოდა, შემოახტებოდა და სულ კისერში კოცნიდა. ის მამაო ყველა შეჯიბრზე დადის, კარგად იცის ვინ, სად, რა შეცდომას უშვებს. მისი ყოფნა სტიმულია ბიჭებისთვის და უფრო კარგად ჭიდაობენ, როცა მამაოს ხედავენ.

– არ გქონდათ ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ზურასთან აპირებდა საუბარს?

– ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც მამაომას შეხვდა. მამაოს აზრი ყველგან ერთია, რომ მისი სულიერი შვილები ერთმანეთთან კონფლიქტში არ უნდა იყვნენ, რომ უნდა ჩაეხუტონ ერთმანეთს. მამაოს მხარედ წარმოჩინება, რაც დათუნაშვილმა გააკეთა, უხერხულია.

– გამორიცხავთ იმას, რომ სასულიერო პირმა მას გარკვეული დაპირებები მისცა და პრივილეგიებს დაჰპირდა?

– ზურა ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ რეალობასთან ახლოს ხომ უნდა იყოს. რა უთხრა შეხვედრისას მამაომ ზურას, არ ვიცი, მაგრამ ის ყველას მოუწოდებს, რომ  იმეგობრონ. როგორ წარმოგიდგენიათ, მივიდა ზურასთან და უთხრა, როგორც შენ გინდა, ისე იქნება ყველაფერი, ოღონდ შეურიგდიო და ამით მორჩა? შერიგება იყო მისი შეთავაზება, რადგან არ უნდა, რომ მისი სულიერი შვილები ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ და დასაცინი არ გავხდეთ.

– დათუნაშვილი ხშირად ამბობს, რომ ფედერაცია სპორტსმენებს ჩაგრავს. ინტერვიუს დასაწყისში, მოჭიდავე გაგა ხაჩიძე ახსენეთ. მინდა, თქვენი პასუხი მოვისმინო, მოიქცა თუ არა ფედერაცია სამართლიანად? ის არ დაიჩაგრა, როდესაც პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეთ?

– ამაზე გესაუბრეთ უკვე და გავიმეორებ – ზუსტად მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ხაჩიძეს ვთხოვეთ, შანსი მიეცა დათუნაშვილისთვის, რომ სულ არ დაგვეკარგა ევროპის ორგზის ჩემპიონი. ეს ჩემი პირადი ინტერესის გამო არ გაკეთებულა, ქვეყნისთვის, ფედერაცისთვის გაკეთდა. ხაჩიძე ფორმაში იყო, ტრავმა არ ჰქონია, ვარჯიშობდა, მას ვთხოვეთ, ეს არ ყოფილა მოთხოვნა და ვერავინ მოსთხოვს სპორტსმენს, რომ არ იჭიდაოს. ხაჩიძემ გაგვითვალისწინა. ჩვენი მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა, თუმცა ეს გამართლებული იყო სამომავლო გეგმებისთვის, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ დავკარგეთ ერთი სპორტსმენი და „გავაბლატავეთ“ მეორე. ამიტომ გახდა დათუნაშვილი პრეტენზიული, რომ დაუმსახურებელი შანსი მივეცით და ჩათვალა, რომ ყველგან და ყველა წონაში მას ეკუთვნოდა ჭიდაობა. უნდა დაგვენიშნა შეხვედრა დათუნაშვილსა და ხაჩიძეს შორის და ვინც მოიგებდა, ის უნდა წასულიყო პარიზში. ამ შეცდომას ვაღიარებ, ეს იყო ჩვენი ფედერაციის მთავარი შეცდომა.

– სასამართლო პროცესზე განაცხადეთ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეოდა, თუკი პოსტიდან მოგიწევდათ წასვლა. ასევე ისაუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, რაც გაურკვეველი დარჩა, რას გულისხმობდით. თქვენს ამ განცხადებას საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა ტურნირი გქონდათ მხედველობაში და გულწრფელად გჯერათ იმის, რომ თქვენი პოსტიდან წასვლით, ქვეყანა ჩამოიქცევა?

– ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა. ზოგმა სპორტსმენმა ზუსტად გაიგო, რისი თქმა და გამოხატვა მინდოდა. ძალიან რთულია, ამხელა ამბიცია აიღო შენს თავზე და ხმამაღლა თქვა, მაგრამ მე რაც ვთქვი, სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და ხალხმა სხვანაირად აიტაცა. გუნდმა, რომელიც შეკრებაზე იმყოფებოდა დუშეთში, დატოვა შეკრება და წამოვიდა თბილისში, მეორე გუნდმა განაცხადა, რომ შეჯიბრებაზე არ წავალთო, ახალგაზრდების გუნდმა, ყველა მოვდივართო, რეგიონები ჩამოვიდნენ. მე არ მითხოვია მათთვის რამე, თავად ასე ჩათვალეს საჭიროდ, არავის დაუძალებია. წელს ოლიმპიური ლიცენზიების წელია, სპორტსმენი თუ ამბობს, რომ არ ვივარჯიშებ, ტურნირზე არ წავალ, ეს რაზე აისახება? – ფედერაციაზე, ქვეყანაზე.  ქვეყანა არ ჩამოინგრევა, მაგრამ აქამდე, ლიდერებში ვიყავით და ყველას ჩვენთან სპარინგი და შეკრების ჩატარება თუ უნდა, თუ სპორტსმენი არ მოემზადება, ლიზენციას ვერ აიღებს, ეს ჩემზეც მოქმედებს, ფედერაციაზეც და ქვეყანაზეც. საქართველოს ხომ აღარ ეყოლება ამდენი ჩემპიონი და პრიზიორი. ჩემმა სპორტსმენებმა ზუსტად გაიგეს და ვისაც არ უნდოდა გაგება, აბუჩად აიგდეს ეს განცხადება.

– კარგია, სპორტსმენების თემას რომ შეეხეთ. როდესაც დაგაკავეს, ფედერაციის წარმომადგენლებმა, თანამშრომლებმა, მწვრთნელებმა და მოჭიდავეებმა თქვენი მხარდამჭერი აქცია გამართეს. პოლიციის სამმართველოსთან გაკეთებულმა განცხადებებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ნაკრების დანარჩენი წევრები. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, რამდენად კეთილგონივრულად მიიჩნევთ, ზოგადად, სპორტსმენების ჩართვას ასეთ  პროცესებში და რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ ის, რომ არც ერთმა მოჭიდავემ ნაკრების კაპიტანს მხარი არ დაუჭირა?

– თქვენ რას მეკითხებით, რომ სპორტსმენზე ვთქვა, სწორი იყო თუ არა, პოლიციის სამმართველოსთან რომ მოვიდნენ?  მე რა ვთქვა, მათ ჰკითხეთ. არც ერთი კარგს არ იძახის დათუნაშვილზე. მე არავისთვის დამიძახია, ვერც დავუძახებდი, რომ მდომოდა. მათი ინიციატივა იყო. გვერდში დგომისთვის, მადლობის მეტი რა მეთქმის. რაც სწორად ჩათვალეს, ის გააკეთეს. თუ დათუნაშვილს მოქმედი სპორტსმენები არ უდგანან გვერდით, ეს ჩემი გასარკვევი არ არის.

– ლადო ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობა ძალადობაა. თქვენც ასე ფიქრობთ?

– ძალადობა კარგი არ არის არსად, თუმცა ყველგან ხდება და ეს არ ნიშნავს, რომ კარგია. მორაგბეები ერთმანეთს კლავენ მინდორზე და გამოდიან მერე და რესტორანში კოცნიან ერთმანეთს. ბევრგან მომხდარა ჩხუბი, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ეს კარგად დადგმული სცენარი იყო ,ვიღაცის მიერ და ატაცებული. გეგეშიძემ მოჭიდავეს ხელი მოუქნია და რატომ, გიჟია? – არავის კითხვა არ დაუსვამს. ადრე რატომ არ უქნევდა? დიდ ბოდიშს ვიხდი, თავს არ ვიმართლებ, კიდევ ერთხელ ვუხდი საზოგადოებას, ვეტერან სპორტსმენებს ბოდიშს ჩემი და ზოგადად, იმ სანახაობისთვის, რაც იქ მოეწყო, მაგრამ ჯერ ადამიანი, კაცი ხარ და მერე პრეზიდენტი, მინისტრი და ა.შ.  არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეურაცხყოფას თუ თქვენც მოგაყენებენ, არ მგონია, გაუღიმოთ… ძალიან რთულია შეურაცხყოფის ატანა და მოთმენა. უნდა მომეთმინა, მაგრამ ვერ შევძელი.

– ბევრჯერ ახსენეთ, რომ ამ კონფლიქტში დაინტრესებული პირები იყვნენ. ვის გულისხმობთ?

– თქვენ ხომ იცით, გითხარით, ვინც იყო წამქეზებელი. თბილისის ფედერაციის წარმომადგენელი, გოჩა ჩორგოლიანი.

– გოჩა ჩორგოლიანმა თქვენ ღიად დაგადანაშაულათ, რომ გასულ წელს, ეროვნულ ჩემპიონატზე, მას ფიზიკურად გაუსწორდით.

– სხვათა შორის, მინდა გითხრათ ერთ რამ. ყველა იძახის, რომ გეგეშიძე ცემს ხალხს. ჩორგოლიანი როცა გალახეს და თუ გალახეს საერთოდ, იმ დღეს შეჯიბრზე არ ვყოფილვარ. დღეს ჩემსკენ იშვერს თითს, სადაც საერთოდ არ ვყოფილვარ. დღეს ასე აწყობს, გუშინ სხვანაირად ლაპარაკობდა. გამოდის ვიღაც, თურმე კორცხელში ვიყავი მე და მე ვიყავი მოქმედი პირი და მე ვცემდი ხალხს. იქაც საერთოდ არ ვყოფილვარ.  რატომ უნდა მეცემა ჩორგოლანი, ამიხსენით, გიჟი ვარ?

– ბრალი ძალადობის მუხლით წაგიყენეს, თქვენს უფლებადამცველს არ უთქვამს, რომ ბრალი აღიარეთ. აღიარეთ?

– სანამ ამაზე გიპასუხებთ, ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. რთულია, როცა გაბრალებენ, სპორტსმენს სამას ლარს უხდიო. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. სამინისტრო არეგულირებს ამას და ეს ყველა სპორტსმენზე ვრცელდება და არა მარტო მოჭიდავებზე.  გეგეშიძე არ წყვეტს ამას. კანონში რაც წერია, იმას ვერავინ გადაუხვევს.  სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის წინ, ბატონი ლერი ხაბელოვი მოვიდა ჩემთან და სამი ადამიანის სია მინდა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან, რომლებიც ოლიმპიადის სავარაუდო ლიცენზიანტები არიანო და შენ ვის ფიქრობო, მკითხა.  დათუნაშვილი აღმოჩნდა სიაში პირველი, 4 თვის ათასი ლარი, ანუ 4 ათასი ლარი უნდა ჩაერიცხოს სტიპენდიის სახით. გეკითხებით, მე თუ ასეთი დაპირისპირებული  ვარ დათუნაშვილთან  და ვერ ვიტან, სტიპენდიანტთა სიაში პირველი როგორ მოხვდა? ვიცოდი, რომ აქ ჩხუბი მოხდებოდა და მანამდე მოვემზადე?

– ის იღებს დღეს ამ ხელფასს?

– დიახ. და საიდან მოხვდა, ამაზე არავინ ლაპარაკობს. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ბატონ ლერი ხაბელოვთან, როდის მოხდა ეს.  თუ რაღაცას იძახი ადამიანი, კი არ უნდა მოიგონო. თუ ვინმემ დააშავა, უნდა თქვა, რომ დააშავა. თუ არ დააშავა და ვიღაც ამას გალაპარაკებს, ეს არ უნდა თქვა. მე ასე ვფიქრობ.

– წინა კითხვას გავაგრძელებ, აღიარეთ ბრალი? ფიქრობთ, რომ ძალადობა ჩაიდინეთ?

– ნაწილობრივ, ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე – რადგან პრეზიდენტი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ვცემო,  შეურაცხყოფა მივაყენო და ხელი მოვუქნიო, მაგრამ არც სპორტსმენმა უნდა მიგიყვანოს იმ დონემდე.

თურმე, სპორტსმენს შეუძლია და აქვს უფლება, შეურაცხყოფა მომაყენოს და მე, რადგან თმენის ვალდებულება მაქვს, არც კი უნდა შევეპასუხო?! ძალიან რთულია, როცა ადამიანები სკამებზე და თანამდებობებზე არიან ორიენტირებულები და ადამიანობა და კაცობა ავიწყდებათ. კაცი უნდა იყო ჯერ და მერე ორგზის ევროპის ჩემპიონი… მარტო შენი ჩემპიონობა არავის სჭირდება. ჩვენ, საზოგადოებას მხოლოდ ჩემი ხელის მოქნევა კი არ უნდა ვაჩვენოთ, რას მოჰყვა ეს და როგორ არ უნდა მოიქცეს ადამიანი, ისიც უნდა დავანახოთ, ასევე, როგორ არ უნდა უფურთხო ორგზის ევროპის ჩემპიონმა მაგიდაზე მსაჯს, როგორ არ უნდა მოტეხო ცხვირი მსაჯს, როგორ არ უნდა იჩხუბო ევროპის ერთა თასზე, რის გამოც მოგხსნეს და გუნდმა მეოთხე ადგილი აიღო მაგის გამო… რომ წააგებ და ტაბლოს და მსაჯებს დააბრალებ… პირიქით, სჯობს, იფიქრო, რატომ ხდება ეს, როგორ… რესტორნებში არ უნდა იარო და იჩხუბო… როგორ არ უნდა დაჭრა, როგორ არ უნდა დაგჭრან და ა.შ.

უდისციპლინოა, ამის თქმა გინდათ?

– ამდენი რაღაც ვილაპარაკე. მე ამას ახლა ყველასთან არ ვიტყვი და ვერც ვიტყვი. ცხვირს უტეხავენ მსაჯს დათუნაშვილები, ჩხუბობენ… ხსნიან დათუნაშვილებს, აგებს დათუნაშვილი – მსაჯების ბრალია, ყველგან მაგათ როგორ აგებინებენ. ყველგან ჩვენ ხომ არ ვართ. ისე რომ, დათუნაშვილი ხარ და ორგზის ევროპის ჩემპიონი, კლუბებში ნაკლებად უნდა იარო, ნაკლებად უნდა შეხვიდე კონფლიქტში. ეგ რომ დაჭრეს, მიზეზი იყო ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და ვერ მოითმინა. თუ შენ თავმოყვარე ადამიანი ხარ, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მე მგონი, არც ევროპის ორგზის ჩემპიონს და არც ერთ მოჭიდავეს არ უნდა უთავმოყვარეო პრეზიდენტი, არც მეგობარი. ასე რომ, ყველას თავისი თავმოყვარეობა აქვს, დათუნაშვილსაც, გეგეშიძესაც.

–  მიმდინარე პროცესები, რომელიც უკვე თვეა გრძელდება, რა გავლენას ახდენს ფედერაციის მუშაობაზე, სპორტსმენების მზადებასა და კონკრეტულად, სპორტის ამ სახეობის იმიჯზე?

– სპორტსმენები აგრძელებენ ჩვეულებრივ ვარჯიშს, შეჯიბრებებზეც დადიან, მედლებითაც ბრუნდებიან.  სამწუხაროდ,  ჟურნალისტები არ ინტერესდებიან. ინტერესდებიან მხოლოდ ინტრიგებით. ყველაზე არ მაქვს საუბარი… ამდენი მედალი ავიღეთ ამ დროს, ნიცაში გუნდური პირველი ადგილი, 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო, ვინმემ გააშუქა?! ერთი რაღაც დაიდო, სად არიან ეს ტელევიზიები, 4 დღე შეჯიბრი მიდიოდა, „რუსთავი 2“ერთხელ არ მოვიდა. მაგრამ ახლა ყველგან არის. ვერაფერს ვიგებ, შენ თუ სპორტული ჟურნალისტი ხარ და გაინტერესებს, სპორტით დაინტერესდი, თუ ინტრიგები გინდა, მოდი რა, სპორტის გარეშე ვიინტრიგნოთ.

– რადგან რუსთავი 2-ის თემას შევეხეთ, არხის სპორტული ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე მინდა გკითხოთ, რომლის სახლშიც ტყვია იპოვეს. სწორედ ერაძემ გაასაჯაროვა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.  ნიკა გვარამიამ „კვირის აქცენტებში“ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ეს ჭიდაობას უკავშირდებოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს ემუქრებოდნენ კადრების გავრცელების შემდეგ…

– დათო ერაძე არის მამაჩემის, ჩემი ძმის და ჩემი მეგობარი. კადრების გავრცელების გამო, ვინ ემუქრებოდა, ვინ? ყველაზე ცუდი, იცით, რა არის, ჟურნალისტებს მისცეს იმდენი უფლება, წყაროზე დაყრდნობით, რასაც უნდა იმას ამბობენ… იტყუებიან, თუ არ იტყუებიან, სხვას აბრალებენ და მათ არ მოეთხოვებათ პასუხი.  ერაძე ჩემი მეგობარია, თურმე, ვიღაცამ ესროლა, მე ვესროლე თუ რისი თქმა უნდოდათ? გიმეორებთ, მამაჩემთანაც მეგობრობს, ჩემს ძმასთანაც, თან ძალიან კარგი ბიჭია. ყველა პატივს სცემს, სპორტული ჟურნალისტია, მეც პატივს ვცემ. ერაძეს რატომ უნდა ვესროლო?

– თქვენი ძმა ახსენეთ და მასზე უნდა გკითხოთ. ზურა დათუნაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ბექა როყვა მხოლოდ ფორმალობაა და ყველაფერს თქვენი ძმა წყვეტს, ასეა ეს?

–  რა ვიცი, დათუნაშვილის მხრიდან სულ ისმის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფას აყენებს მწვრთნელებს, ვეტერანებს, მამაოს. მათ შორის, ბიჭებს –  ნუ გეშინიათო, და, ვის ეშინია, მითხარით! პატარიძეს, 6-გზის მსოფლიო ჩემპიონს, ჩემი ეშინია? მარსაგიშვილს, ლადო ოდიკაძეს… რამდენი ჩამოვთვალო, ჩვენ ვაშინებთ მაგათ? თქვენ ხომ კარგად იცით ჩვენი დამოკიდებულება ფედერაციის, მწვრთნელების, სპორტსმენების მიმართ? ლადო გეგეშიძე, უხელფასოდ, უკვე ამდენი წელია, ეხმარება თავის მეგობრებს, თავის გუნდელებს. ჩემი ძმა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და დღეს თუ შედეგია, პატარა დამსახურება მაინც არის ჩემი ძმის. როყვა არაფერს წყვეტს და ლადოა მთავარიო, – ეს უკვე შეურაცხყოფაა დათუნაშვილის მხრიდან. შედეგები დღეს ჭიდაობის ფედერაციას ძალიან ბევრი აქვს. წლის საუკეთესო ფედერაციად გვაღიარეს. ლადო იქნება რეალურად, ვინც საქმეს გააკეთებს, ბექა თუ მაგდა,  შედეგი თუ იქნება და ყველაზე მეტი მედალი, (რაც ჩვენი გუნდის მოსვლის დროს დაფიქსირდა), რა მნიშვნელობა აქვს, შენ ფორმალურად იქნები თუ არაფორმალურად?! არასწორია, რასაც ამბობს, მაგრამ შენ თუ შედეგი გაქვს, არაფერი ამით არ შავდება. პირიქით, უფრო მეტი კეთდება, მწვრთნელი იქნები თუ კონსულტანტი, რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი ძმა თუ თავის მეგობარს ეხმარება, ამით რა შავდება?! თანაც, თუ უხელფასოდ მუშაობს…

–  დათუნაშვილის განცხადებით, თქვენ აიძულებთ მოჭიდავეებს, მათ შორის, მასაც, რომ თქვენი ძმა პირად მწვრთნელად აირჩიონ,  რადგან შემდეგ პრემია მიიღოს. რამდენი პირადი შეგირდი ჰყავს ლადო გეგეშიძეს?

– დათუნაშვილი იმასაც იძახდა, თუ ეს ბიჭები არ დაწერენ მწვრთნელებად ლადოს და ბექას, ერთ შეხვედრასაც ვერ მოიგებენ საქართველოზეო. გავიხსენოთ დათუნაშვილის შეხვედრა ნახევარფინალში, სადაც ჩემი ძმის მოსწავლეს, ხეცურიანს ხვდებოდა. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დათუნაშვილმა 2:1 მოიგო. ყველაზე მეტი დაჩაგვრის შანსი ნახევარფინალში არ იყო? ვინმეს მისი დაჩაგვრა რომ სდომოდა, ნახევარფინალში წააგებინებდნენ. როგორ უნდა გაიძულოთ მე თქვენ, რომ მწვრთნელად დამწეროთ? კობლიაშვილი ლადოს მოსწავლეა? რა ინტერესი ჰქონდა ბექას ან ლადოს… მარტო დათუნაშვილი ვერ აიძულეს, მხოლოდ ეგ არის ასეთი სამართლიანი და უშიშარი, დანარჩენი მოჭიდავეები მშიშრები ყოფილან. ასეთი მშიშრები თუ გვყავს, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები როგორ ხდებიან, ასეთ შედეგებს როგორ დებენ? თურმე, ეს ერთია ყველაზე მართალი და უშიშარი და დანარჩენები – უღირსები და მშიშრები.  ძალიან ცუდია, რომ ყველას აყენებს შეურაცხყოფას და მხოლოდ მე არა. მერე, გამოდის და იძახის, სპორტსმენებო, დამიდექით გვერდით, ნუ გეშინიათო. მისი მეგობარი რუდიკა გამოვიდა, დათუნაშვილის ახლო მეგობარია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც დათუნაშვილს უნდაო. სხვათა შორის, დათუნაშვილს ძალიან კომფორტულად რომ ეგრძნო თავი, ეს რუდიკა, რომელიც სულ არ იყო გუნდში მოსახვედრი, ოთხეულშიც ვერ ხვდებოდა, შეკრებებზე დაგვყავდა, რომ ზურას სპარინგპარტნიორი ჰყოლოდა. არასდროს უთქვამს დათუნაშვილს, რომ მის მეგობარს არ ეკუთვნოდა და ნუ მოგყავთო და არც იმას უთქვამს, არ მეკუთვნის და ნუ წამიყვანთო. ჩვენი მიდგომა ასეთია, თუ გვყავს ნიჭიერი ბავშვები, შეკრებაზე მიგვყავს და ემზადებიან გუნდთან ერთად. ადრე იყო – ვინც საქართველოს მოიგებდა, ის მიდიოდა ყველა ტურნირზე. ახლა პირველ, მეორე და მესამე ნომრებსაც ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. ასე იზრდებიან სპორტსმენები და ამიტომ არის ასეთი დიდი შედეგები. შეფასება, რომ ჩვენ ვართ კლანი, ძალიან უხერხულია. გამოდის, რომ ამ კლანს ყველაზე დიდი მიღწევები და შედეგები აქვს. ერთი გვყავს მხოლოდ უკმაყოფილო და მეორე – ჩორგოლიანი კიდევ.

– სულ რამდენიმე ტურნირია, რომლის გამარჯვებულსაც პრემიალური თანხით სახელმწიფო ახალისებს. ამ ტურნირებზე, ლადო გეგეშიძის რამდენი მოსწავლე იღებს მონაწილეობას? 

– წლის დასაწყისში, კეთდება კალენდარი, გვიმტკიცდება ბიუჯეტი. ვაკეთებთ გეგმას, ვინ როდის და სად უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი შეთანხმებულია სამინისტროსთან. ნაკრების ყველა წევრი თავად მიდის სამინისტროში და აწერინებს თავისი პირადი მწვრთნელის სახელს. ამას მე ვერავის ვაიძულებ. ვინ ვის დაწერს მწვრთნელად და მოსწავლედ, ჩემი საქმე არ არის, ერთმანეთში გაარკვიონ.

– აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციაზე დასკვნა გამოაქვეყნა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რომ სხვა ფედერაციაზე იყო საუბარი. დასკვნაში ეწერა, რომ ფედერაციის პრეზიდენტს თავისი შვილებისთვის ტრანსპორტირებისა და მობილური ტელეფონების ხარჯი ჰქონდა გაწეული. ბოლო დღეებში თქვენს ფედერაციასთან დაკავშირებითაც დაიწყო საუბარი, რომ ფინანსური დარღვევები გაქვთ. ისიც ითქვა, რომ ფალავანთა კლუბის დირექტორს სოლიდური თანხა ჩაურიცხეთ…

– ძალიან ცუდია, რომ ჭიდაობის ფედერაციას აბრალებენ ყველაფერს. თუ ვინმემ სადმე შეცდომა დაუშვა, ყველაფერი აქ გაკეთებულა. მესამე წელია აქ ვარ, შარშანწინდელ საბუთებზეა საუბარი, თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, რატომ გაჩუმდნენ? თუ გეგეშიძე თავის შვილს, რომელიც 6 წლისაა, ტრანსპორტირების ფულს ჩაურიცხავს, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია. სხვა ფედერაციაზეა საუბარი. ჩემი შვილებიდან ერთი 6 წლისაა, მეორე კი – 12-ის. ყველაფერი ისეა დარეგულირებული, რომ მე ფულთან შეხება არ მაქვს. სამინისტროს ვუგზავნი და ის რიცხავს. თუ სამინისტრო ჩათვლის, რომ ჩემი მოთხოვნა არაკანონიერია, ჩამირიცხავს თანხას?

– ზურა დათუნაშვილმა გააკეთა მორიგი განცხადება, სადაც წერს, რომ არჩევანის წინაშეა, ან უნდა დაანებოს თავი აქტიურ სპორტს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს, თუკი პრეზიდენტის პოსტზე დარჩებით. რა არის თქვენი პასუხი?

– ძალიან ცუდი იქნება დათუნაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა, არა მხოლოდ მისი –  ყველასი. მგონი, არ იქნება კარგი საქართველოდან სპორტსმენების გადინება. დათუნაშვილის მთავარი მიზეზი და მიზანი ზუსტად ეგ იყო – წასვლა უნდოდა, არ გავუშვი და ატეხა აჟიოტაჟი. ახლა მე რომ ის გავუშვა, სიტყვაზე ვამბობ…

– და გაუშვებთ?

– მე არავის გავუშვებ და ვერ გავუშვებ. ვთქვათ, გეგეშიძე დამნაშავეა და იმისთვის, რომ რაღაც მიიჩქმალოს, მე ის გავუშვი, მაშინ მოძალადე აღარ ვიქნები, სხვა სპორტსმენებს არ დავჩაგრავ? წასვლა უნდა და ამას ცუდი მეთოდებით აკეთებს, ვაჭრობს. თუ გინდა წასვლა, შვილო, ორი წლის მერე წადი. მე ხელს არც ერთ საბურთზე არ მოვაწერ, რომ ჩვენი სპორტსმენი, თან ასეთი წარმატებული, დაკარგოს ქვეყანამ და წავიდეს.

–  სპორტსმენი ამბობს, რომ დიალოგი არ იქნება და თქვენს გადადგომას ითხოვს. შექმნილი მდგომარეობიდან, გამოსავალს რაში ხედავთ?

ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ბატონი დათუნაშვილი დაუბრუნდეს სპორტს და აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოდის, უფრო სწორედ გამოსდიოდა. ახლა სხვა რამეში უფრო დახელოვნდა, მისი საქმე ჭიდაობაა და არა პოლიტიკოსობა და ინტრიგნობა. მოვიდეს, უფრო მეტი ივარჯიშოს და დაამტკიცოს, რომ ლიდერია, ჩემპიონი და არა ვიღაცის დაჩაგრული ბიჭი. განაგრძოს ვარჯიში, ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ მის საქციელზე ეთიკის კომისია იმსჯელებს და აუცილებლად იქნება მსჯელობა ეთიკის კომისიასა და სამეთვალყურეო საბჭოში.

– თქვენზეც იქნება მსჯელობა?

– რა თქმა უნდა, ეს მარტო სპორტსმენს არ ეხება. პრეზიდენტი ვარ, მაგრამ არა ხელშეუხებელი. ოპონენტები ამბობენ, რომ მე, თურმე, გაყალბებით მოვედი ფედერაციაში. რა პირობებიც დამხვდა, ზუსტად ისე ჩავატარეთ არჩევნები, წესდებაში როგორც იყო. წესდებით, მაქვს უფლება, მივიღო გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, მაგრამ ყოველთვის პრეზიდიუმთან ვათანხმებ. რისთვის არიან, აბა, ვეტერანი მოჭიდავეები, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები? შემთხვევა არ ყოფილა, რომ ისე გამეკეთებინა რამე, როგორც მსურდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მქონდა. თბილისის ჭიდაობის ფედერაციამ და გოჩა ჩორგოლიანმა საბუთი გააყალბეს, შემეძლო, კონტაქტი გამეწყვიტა თბილისის ფედერაციასთან, მაგრამ პრეზიდიუმზე გავიტანე ეს საკითხი. ამის შემდეგ გახდა აგრესიული ბატონი გოჩა.

საზოგადოებას თქვენი ბოდიში არ მოუსმენია. ნანობთ ჩადენილს?

რა თქმა უნდა, ვნანობ… არ უნდა ვინანო? ძალიან ცუდია, რომ მოჭიდავეებს შორის მოხდა ასეთი ცუდი  დაპირისპირება, გაუგებრობა, მაგრამ ყველა სფეროში ხდება  ეს. მთავარია, ამის შემდეგ როგორ ვიმოქმედებთ, რას ვაკადრებთ ერთმანეთს. თუ შეურაცხყოფა მოგაყენეს, ამაზე უნდა ილაპარაკო და არაფერი არ უნდა გამოიგონო. არც ისეთი ადამიანები უნდა დაიყენო გვერდით, რომლებიც ხვალ, ამ ყალბი საბუთის გამო, შეიძლება იმ ადგილას აღმოჩნდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ მე ვიყავი, როგორც ბრალდებული.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •