სისხლიანი მგლის სუპერმთვარე – სამი ასტროლოგიური მოვლენის იშვიათი თანხვედრა

21 იანვარს, ღამით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებმა ცაზე სამი ასტროლოგიური მოვლენის საკმაოდ იშვიათი შერწყმა იხილეს, რასაც სისხლიანი მგლის სუპერმთვარეს ეძახიან.

დაბნელება, გრინვიჩის დროით, 02:35 დაიწყო და 07:49 დამთავრდა. სრული დაბნელების ფაზაში, მთვარე, 1 საათისა და 3 წუთის განმავლობაში, დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილის ჩრდილში მოექცა.

სუპერმთვარის ხილვა მაშინ შეიძლება, როცა ნახევარმთვარეობა დედამიწისა და მთვარის მაქსიმალურ დაახლოებას ემთხვევა. და როცა ეს ორი მოვლენა თანხვედრაშია მთვარის დაბნელებასთანაც, დედამიწის თანამგზავრი წითელ ფერს იღებს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “სისხლიან მთვარეს”. რაც შეეხება გამოთქმას – “მგლის მთვარე”, ასე იანვრის ნახევარმთვარეობას ეძახდნენ ჩრდილოამერიკელი ინდიელები.

სრული დაბნელების დროსაც კი, მთვარე მთლიანად არ ქრება, არამედ მუქ, მოწითალო შეფერილობას იღებს. ეს იმით აიხსნება, რომ მთვარე ისევ ნათდება: მზის სხივები, დედამიწის ზედაპირთან შეხების დროს, მართალია, ატმოსფეროში იკარგებიან, მაგრამ მთვარის ზედაპირამდე მიღწევას მაინც ახერხებენ.

21 იანვრის დაბნელების ნახვა ბრიტანეთში, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, პორტუგალიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა სახელმწიფოსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში შეიძლებოდა.

მთვარე დედამიწას 362 ათას კილომეტრზე მოუახლოვდა და პლანეტის უახლოესი ორბიტის წერტილთან იმყოფებოდა. ამგვარად, მთვარის ხილული დიამეტრი, დაახლოებით, 8 პროცენტით გაიზარდა.

მთვარე, დედამიწის ირგვლივ, ელიპტურ ორბიტაზე ბრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ ის დედამიწას უახლოვდება და უფრო დიდი ჩანს, ზოგჯერ კი – შორდება და გარეგნულად, თითქოს ზომებში პატარავდება.

მთვარის მომდევნო სრული დაბნელების ნახვა დედამიწის მცხოვრებლებს 2 წლის შემდეგ – 2021 წლის მაისში შეუძლიათ.

წყარო: BBC

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES, EPA, AFP

  • 1
  •  
  •  
  •  
  •  
  •