მძიმე კვირა დაიწყო – რა გავლენას იქონიებს ადამიანებზე მთვარის სრული დაბნელება

ხათუნა ნოელი: „მოულოდნელ, დაუგეგმავ სიტუაციებს ექნება ადგილი“

21 იანვარს ლომის ზოდიაქოს 1 გრადუსზე მთვარის სრული დაბნელებაა. სრულ დაბნელებებს მაშინ აქვთ ხოლმე ბუნებაში ადგილი, როდესაც თავის ორბიტაზე მოძრავი მთვარე იმდენად მოახლოებულია ჩვენთან, რომ ბოლომდე შედის დედამიწის ჩრდილში. ასეთი რამ, დაახლოებით, 2 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომ, მომდევნო დაბნელება მხოლოდ 2021 წლის 26 მაისს არის მოსალოდნელი. იმის გამო, რომ მთვარე მაქსიმალურად ახლოს მოდის დედამიწასთან, დაბნელების ზეგავლენაც მაქსიმალურად ძლიერი იქნება.

ამ დაბნელების პიკი თბილისის დროით 9:12 წუთზე იქნება. მთვარის დაბნელებები, ფაქტობრივად, იგივე სავსემთვარეობებია, რადგან ეს მოვლენა ყოველთვის მზისა და მთვარის ოპოზიციაზე ხდება. ოღონდ, სავსემთვარეობისაგან განსხვავებით, დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც ეს ორი მნათობი კარმულ კვანძებს უერთდება.

ამჯერად, კარმულ კვანძთან ასპექტში მოდიან არა მხოლოდ მზე და მთვარე, არამედ ურანიც და მერკურიც. ორივეს შესახებ დაწვრილებით ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ, მანამდე კი, მინდა ერთ საყურადღებო ფაქტს გავუსვა ხაზი:
მთვარის დაბნელებები ერთგვარი კამერეტონების როლს ასრულებენ ხოლმე ჩვენს ურთიერთობებში, ორკვირიანი შუალედის დიაპაზონში ან დაშორებებს იწვევენ, ან პირიქით – უფრო მჭიდრო დაახლოებას. ამ დროს, ხდება ჩვენი უკვე ჩადენილი ქმედებების შეჯამება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ დაბნელებას, სავარაუდოდ, გასული წლის შემოდგომის პერიოდის მოვლენების ექოდ შეიძლება მივიჩნიოთ. მაშინ კი, გახსოვთ, რომ ქვეყანაში 2 ტურად გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა.

ვინაიდან დაბნელების წერტილს აქვს ასპექტი ურანთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც მოულოდნელ, დაუგეგმავ სიტუაციებს ექნება ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ურანი არასტანდარტული სიტუაციების გარდა, თავისუფლების მოთხოვნილების მძაფრ გამოვლინებებსაც მართავს. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდში, საზოგადოებაში რევოლუციური, მეამბოხური სულისკვეთება შეიმჩნეოდეს.

გარდა ამისა, ურანი ელექტროობაცაა. ამიტომ, მოუფრთხილდით გაშიშვლებულ სადენებს. გარდა ამისა, შესაძლოა შეფერხებები დენის მოწოდებაშიც, ასევე, ინტერნეტის, კომპიუტერების, ან მობილურების გაუმართავი მუშაობაც.

როგორც უკვე ვთქვი, დაბნელების წერტილი შეერთებაში მოდის მერკურთანაც. მერკური კი ჩვენი ინტელექტიცაა, ჩვენი კონტაქტებიც, ასევე, ინფორმაცია და ზოგადად თუ შევაფასებთ – თითოეული, ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვაც. ამიტომ, ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რას ვამბობთ, ვისთან ვამბობთ და ალბათ, ღირს დაფიქრება, საერთოდაც უნდა ითქვას თუ არა ამ დღეს ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობთ, თუ ენაზე კბილის დაჭერა სჯობს… ის კი არა, შესაძლოა, რაღაც – ჩვენი ადრე ნათქვამი სწორედ ახლა წამოგვეწიოს – ვის ცუდად, ვის კარგად – გააჩნია პირადი რუკის მაჩვენებლებს…

21-ში ადგილი აქვს სატურნისა და მარსის ურთიერთდაძაბულ ასპექტს, რაც ასევე იწვევს გზებზე საცობებს, გრაფიკებში, რეისებში შეფერხებებს, გადავადებებს. სავარაუდოდ, ამ კვირაში სიჩქარის გადაჭარბებისათვის ბევრად უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება, ვიდრე სხვა დროს…

ამავე ასპექტის გამო, არასახარბიელოა დაბნელების კვირაში ორგანიზმისათვის ზედმეტი გადატვირთვაც. თუ სპორტდარბაზში აბონენტის აღებას აპირებთ, გადადეთ რამდენიმე დღით. ისედაც – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვებს. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ. მოტეხილობების ალბათობა იზრდება. მისახედია, ასევე, ძვლოვანი სისტემაც, მეტადრე – კბილები…

დაბნელებებს, რა თქმა უნდა, სერიოზული სირთულეების გამოწვევა შეუძლიათ ჯანმრთელობის საკითხებშიც. ამიტომ, ვისაც იმუნიტეტი შედარებით სუსტი აქვთ ან გულის დაავადებები აწუხებთ, სჯობს, თადარიგი დაიჭირონ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართონ. და ეს ეხება არა მხოლოდ 21 იანვარს, არამედ – მინიმუმ, მომდევნო 3 დღეს მაინც. ყველაზე მსუბუქი, რაც მთვარის დაბნელებას შეუძლია გამოიწვიოს, ესაა ძილის დარღვევები, საჭმლის მონელების პრობლემები ან უმიზეზო უმადობა.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ვერც კი იგრძნოს ამ დაბნელების ზეგავლენა საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი უფრო მეტად 20-22 იანვრის პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის იქნება გამოკვეთილი. ასევე მათთვის, ვინც 22-33 ივლისს ან 20-21 აპრილსაა დაბადებული. თქვენზე, ასევე, შესაძლოა იმოქმედოს ამ დაბნელებამ, თუ თქვენს რუკაში ლომის, მერწყულის ან ვერძის 1 გრადუსზე რაიმე პლანეტა ხვდება.

და ბოლოს, საინტერესოა, რომ დაბნელების ჟამს, როგორც წესი, მთვარე მოყვითალო შეფერილობას იძენს ხოლმე, თუმცა ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის დროს მთვარე წითელი ფერის ხდება, რაც მზის სხივების სპექტრის თავისებურებით აიხსნება. სწორედ ასეთი მოვლენასთან გვექნება ამჯერადაც საქმე.

სიმშვიდესა და ბალანსს გისურვებთ….

 

ხათუნა ნოელი

  • 2
  •  
  •  
  •  
  •