წითელას ახალი ეპიდაფეთქება საქართველოში – 312 შემთხვევა ორ კვირაში

წითელა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომენტალური მატებით

პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მონაცემები მზარდია.
“გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. პირველი იანვრიდან უკვე 312 შემთხვევაა დაფიქსირებული. ძირითადად, წითელამ მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა შორის, დაახლოებით, 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8% არის 0-დან 1 წლამდე, 14% კი – 1-დან 5 წლამდე ” – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა.
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, რაც შეიძლება მალე აიცრან. დღეისთვის საქართველოში ვაქცინათა საკმარისი რაოდენობა გვაქვს, ასევე სახელმწიფო აფინანსებს ამ აცრებს. ვთხოვთ ყველა მშობელს, რომ გადაამოწმონ თავიანთი ბავშვების აცრის კალენდარი. თუ, ბავშვი არის 5 წლის და ის ორჯერ არ არის აცრილი, აუცილებლად მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან.
განსაკუთრებით მივმართავ მოსახლეობის 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. თუ არ ახსოვთ, აცრილები არიან თუ არა, ან თუ არ ახსოვთ, გადატანილი აქვთ თუ არა წითელა, ვაქცინაცია არაფერს ავნებთ მათ, პირიქით, კარგი იქნება, ერთი დამატებითი აცრა პოლიკლინიკაში გაიკეთონ. ამას ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის განმარტებით, თუ მოსახლეობა მასობრივად არ აიცრა, წითელა ყოველწლიურად შეგვახსენებს თავს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, წითელას ეპიდაფეთქებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუმინეთში, უკრაინაში, საფრანგეთში და იტალიაში ფიქსირდებოდა. 42 ათასამდე შემთხვევიდან 35 – ლეტალურად დამთავრდა.
წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტინგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 80%.
წითელა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომენტალური მომატებით, სიმპტომებიდან, დაახლოებით, 2-3 დღის შემდეგ, პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი – ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •