ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო დატოვა

ლევან გორგაძე დღეიდან კიუჯოზე გადის და ტრავმირებული ფეხის მკურნალობას დაიწყებს

ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე აღარ გამოვა.

ქართველმა ტოჩინოშინმა, დღეს ჰაცუ ბაშოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ის კიუჯოზე გადის და ტრავმირებული ფეხის მკურნალობას დაიწყებს.

წლის პირველ ტურნირზე, ქართველ სუმოტორს, ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მარცხი დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ჰაცუ ბაშოდან თავის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მან ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მარჯვენა ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო, ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად ტრავმისა, ტოჩინოშინმა მაინც გადაწყვიტა ჰაცუ ბაშოზე გამოსვლა, თუმცა დღეს უკვე სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

მეხუთე საშეჯიბრო დღეს ის შოჰოძანს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ყველა დარჩენილ შეხვედრაში, ისევე როგორც დღეს, გორგაძეს მარცხი დაუფიქსირდება.

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინს მაკე-კოში დაუფიქსირდება, კადობანში ჩადგება და მომდევნო ბაშოზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •