კუმბჰა მელა – მსოფლიოს ყველაზე მასობრივი რიტუალი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს

რელიგიური ფესტივალის დროს, 120 მილიონი მლოცველი მდინარე სანგამში განიბანება

15 იანვრიდან 4 მარტამდე, ქალაქ პრიაგრაჯში (ალაჰაბადი), ინდოეთის ჩრდილოეთით, 120 მილიონი მლოცველი მდინარე სანგამში განიბანება. ამ ადგილას, ერთმანეთს უერთდება განგი, იამუნა და მითიური მდინარე სარასვატი. 

ინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ “კუმბჰა მელა” (ასე ეწოდება რიტუალს) ცოდვებისგან განწმენდს და “მოკშას” მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარება, რაც მათ დაბადებისა და სიკვდილის უწყვეტი მონაცვლეობისგან გაათავისუფლებს. 

 

რიტუალს ზოგჯერ “ქოთნების ზეიმსაც” ეძახიან, რადგან ის უკავშირდება ლეგენდას – როგორ იბრძოდნენ უმაღლესი და უმდაბლესი ძალები, უკვდავების ნექტრის ჭურჭლის მოსაპოვებლად. 

 

რელიგიური ფესტივალის პირველ დღეს 15 მილიონ ადამიანს ელოდებიან. მლოცველთა ყველაზე დიდი ნაკადი კი – დაახლოებით, 30 მილიონი ადამიანი – რიტუალის ადგილას 4 თებერვალს ჩავა, ვინაიდან ამ დღეს ასტროლოგები განბანვისთვის ყველაზე სასურველად თვლიან. 

კუმბჰა-მელას მთავარი ღირშესანიშნაობა სადჰუა – ასე უწოდებენ ინდოეთში ასკეტებს, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებას განუდგნენ და მხოლოდ სულიერი პრაქტიკით არიან დაკავებული. ამ დღეებში, ისინი სპილოების, ცხენების, ეტლების და მუსიკოსების პროცესიას გაუძღვებიან. 

პროცესია კი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება. მსოფლიოში არსად, ამდენი ადამიანი ერთ ადგილას არ იკრიბება. 

მომლოცველები მდინარის გასწვრივ კარვების ქალაქს აგებენ – დაახლოებით, 32 კვ.კმ-ის პერიმეტრზე, რაც პატარა ქალაქის მასშტაბებს სინამდვილეში შეესაბამება. კარვების ქალაქში, 6 ათასამდე რელიგიური და კულტურული ორგანიზაციისთვის ცალ-ცალკე ადგილებია გამოყოფილი.  15 ბანაკი კი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც ბრბოში დაიკარგებიან ან ახლობლებს დაკარგავენ. 

კუმბჰა მელა უკვე ასწლეულებია, იმართება, თუმცა მილიონობით მომლოცველი მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, ჩამოდის. 

ფესტივალის ბიუჯეტი 397 მილიონ დოლარამდეა. ვარაუდობენ, რომ წელს ინდოეთის ქალაქში უფრო მეტი ადამიანი ჩავა, ვიდრე დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მოსახლეობაა, ერთად აღებული. 

ალაჰაბადის ხელისუფლებამ,  ხალხის ასეთი დიდი ნაკადის მისაღებად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაიწყო: ახალი გზები გაიყვანა, მატარებლების განრიგი გააუმჯობესა, ნახევარ მილიონ ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ადგილი გამოყო და ახალი აეროპორტიც კი ააშენა – დელიდან ჩამოფრენას აქ საათზე ნაკლები სჭირდება.

ამას გარდა, ბრინჯით, ფქვილით, შაქრით და ნავთით შეივსო 5 უზარმაზარი საწყობი – რელიგიური ორგანიზაციები საკუთარ მომლოცველებს ამ პროდუქტებს უფასოდ ურიგებენ, დანარჩენებისთვის კი – დიდი ფასდაკლებით იყიდება.  150 ათასამდე ღარიბ მომლოცველს, პროდუქტების უფასოდ ასაღებად, სპეციალური ბარათები დაურიგეს. მთელი ფესტივალის განმავლობაში, წყალი ყველასთვის უფასოა. 

კარვების ქალაქში დადგეს 122 ათასი პორტატული ტუალეტი და 20 ათასი ნაგვის ყუთი. ხელისუფლებამ, ნაგვის გასატანად, 22 ათასი ადამიანი დაიქირავა.

ფესტივალის დროს, ადგილობრივ სამართალდამცველებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ისინი ამისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. ხელისუფლებამ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად, ინდოეთის სხვა რეგიონებიდან 30 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო ჩამოიყვანა, დააყენეს ათასობით სათვალთვალო კამერა.   

საჭიროების შემთხვევაში, მომლოცველებს მოემსახურება 100 ადგილზე გათვლილი საავადმყოფო და ათი, შედარებით პატარა კლინიკა. კარვების ქალაქისთვის მუშაობს 193 ექიმი და 1500 კაციანი მედპერსონალი – ექთნები, ფარმაცევტები და დანტისტებიც კი. ასევე, მზადყოფნაშია 86 სასწრაფო დახმარების მანქანა, 9 სასწრაფო დახმარების კატერი და ერთი ვერტმფრენი.   

რელიგიური ფესტივალი 4 მარტს დასრულდება. 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •