გოგონა საუდის არაბეთიდან გაქცევას 6 წელი გეგმავდა

სალვას ისტორია: თუ დაგვიჭერდნენ, ვფიქრობ, სიკვდილი გველოდა

რახაფ კუნუნის ისტორიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც გასულ კვირას ტაილანდის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა, სამშობლოში რომ არ დაებრუნებინათ, ისევ აქტუალური გახადა ქალთა უფლებების თემა ახლო აღმოსავლეთში. 18 წლის კუნუნმა უარი თქვა ქუვეითში გაფრენაზე, სადაც მას ნათესავები ელოდებოდნენ და სოციალურ ქსელებში, მოსალოდნელი დეპორტაციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კუნუნის თქმით, იმის გამო, რომ მან ისლამი უარყო, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საკუთარი ოჯახის წევრები მოკლავდნენ. გასულ პარასკევს, კუნუნმა თავშესაფარი კანადაში მიიღო.

მუსლიმი ქალების უფლებებზე, BBC-მ კიდევ ერთი გოგონას ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც კანადაში საუდის არაბეთიდან გაიქცა.

24 წლის სალვამ, 19 წლის დასთან ერთად, საუდის არაბეთი 8 თვის წინ დატოვა. დები ახლა მონრეალში ცხოვრობენ.

ეს სალვას ისტორიაა:

“გაქცევას 6 წელი ვგეგმავდით. ამისთვის პასპორტი და პირადობის მოწმობა გვჭირდებოდა. ამ დოკუმენტების მიღება მხოლოდ აპეკუნის ნებართვითაა შესაძლებელი. საბედნიეროდ, პირადობის მოწმობა მქონდა – ოჯახმა მისი აღების ნებართვა მომცა, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პასპორტიც მქონდა –  2 წლის წინ მივიღე, როცა ინგლისურის გამოცდა უნდა ჩამებარებინა. თუმცა ეს პასპორტი შემდეგ მშობლებმა ჩამომართვეს და როგორმე უნდა დამებრუნებინა. 

ძმის სახლის გასაღები მოვიპარე და მაღაზიაში წავედი, ასლი რომ გადამეღო. შინიდან გასვლა ნათესავების ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა, მაგრამ დრო შევარჩიე – როცა მათ ეძინათ. ეს სარისკო იყო. თუ დამიჭერდნენ, უსიამოვნება მელოდა. 

გასაღების წყალობით, ჩემი და ჩემი დის პასპორტები დავიბრუნე. სანამ მამას ეძინა, მისი ტელეფონი ავიღე. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, მის პირად მონაცემებში შევედი და მითითებული ტელეფონის ნომერი ჩემი ნომრით შევცვალე. ამის შემდეგ, მისი სახელით, დავადასტურე, რომ თანახმა ვიყავი, მე და ჩემს დას ქვეყანა დაგვეტოვებინა. 

ღამით, როცა ყველას ეძინა, გავიქეცით. ძალიან მეშინოდა. 

მანქანის ტარება არ ვიცოდით, ამიტომ ტაქსი გამოვიძახე. საბედნიეროდ, საუდის არაბეთში თითქმის ყველა ტაქსისტი უცხოელია, ამიტომ იმ ფაქტზე, რომ მარტონი ვმგზავრობდით, ყურადღება არავის მიუქცევია.  

მეფე ჰალიდის სახელობის აეროპორტში მივედით, ერ-რიადთან ახლოს. თუ დაგვიჭერდნენ, ვფიქრობ, სიკვდილი გველოდა. 

უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს საავადმყოფოში ვმუშაობდი, ამიტომ ბილეთებისა და გერმანიაში ტრანზიტული ვიზისთვის ფულის შეგროვება შევძელი. თანხის მიღების კიდევ ერთი წყარო უმუშევრობის დახმარება იყო, რომელსაც ვიღებდი. 

მე და ჩემმა დამ გერმანიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდომა მოვახერხეთ. აქამდე, თვითმფრინავით არასდროს მემგზავრა – ეს შესანიშნავი იყო. ერთდროულად, ბედნიერებას და შიშს განვიცდიდი… ყველაფერს ერთად ვგრძნობდი. 

როცა მამამ აღმოაჩინა, რომ შინ არ ვიყავით, პოლიციაში დარეკა, მაგრამ უკვე გვიან იყო. როცა პოლიციელები მასთან დაკავშირებას საიტზე მითითებულ ნომერზე შეეცადნენ, სინამდვილეში, მე მირეკავდნენ. როცა თვითმფრინავი დაეშვა, პოლიციისგან მამაჩემისთვის განკუთვნილი შეტყობინებაც კი მივიღე. 

საუდის არაბეთში არ არის ცხოვრება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახლში დავბრუნდი, სადაც მთელი დღები არაფერს ვაკეთებდი. 

გულს მტკენდნენ და საშინელ რაღაცეებს მეუბნებოდნენ. ამბობდნენ, რომ მამაკაცები – უკეთესნი არიან. მაიძულებდნენ, მელოცა და რამადანის მარხვა დამეცვა. 

გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, იურიდიული კონსულტაციის სამსახურს მივმართე, იურისტი რომ მეპოვა და ლტოლვილის განცხადება შემევსო. დოკუმენტები შევავსე და ჩემი ისტორია მოვყევი. 

კანადა ავირჩიე, რადგან ამ ქვეყანას ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. თვალს ვადევნებდი ახალ ამბებს, როგორ მოეწყვნენ იქ სირიელი ლტოლვილები და გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილი იყო. 

ჩემი განაცხადი თავშესაფრის მიღების თაობაზე დააკმაყოფილეს. როცა ტორონტოში ჩავფრინდი და აეროპორტში კანადის დროშა დავინახე, გამარჯვების საოცარმა გრძნობამ შემიპყრო. 

ახლა მონრეალში, დასთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. არავინ გვაიძულებს რამის გაკეთებას. 

საუდის არაბეთში, შესაძლოა, უფრო მეტი ფულია, მაგრამ აქ უკეთესია, რადგან თუ სახლიდან გასვლა მომინდება – შემიძლია, გავიდე. არავის ნებართვა არ მჭირდება. უბრალოდ, ვდგები და ქუჩაში გავდივარ. 

მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ. იმას ვიცმევ, რაც მინდა. მიყვარს გაზაფხულის ფერები და თოვლი. ფრანგულ ენას ვსწავლობ, მაგრამ ის ძალიან ძნელია! კიდევ – ველოსიპედის ტარებას ვსწავლობ, ციგურებით სრიალს და ცურვას. 

ასე მგონია, რომ სინამდვილეში ვმართავ საკუთარ ცხოვრებას. 

ოჯახთან კავშირი არ მაქვს, მაგრამ, ასე მგონია, ეს ყველასთვის უკეთესია. ვგრძნობ, რომ ახლა აქაა ჩემი სახლი. აქ უკეთესია”. 

 

წყარო: BBC

 

 

  • 8
  •  
  •  
  •  
  •