საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული პენსიით იცხოვრებს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხელფასს ახალ ფონდში გადარიცხავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობრივ სარგოზე უარს ამბობს და საფრანგეთის დაგროვებითი პენსიით იცხოვრებს. პრეზიდენტის ხელფასის გადარიცხვას ის ახალ ფონდში აპირებს, რომელიც, მისი თქმით, ქველმოქმედებასა და სხვადასხვა საჭირო ინიციატივის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

“რადგან, ახალ ვითარებაში, პრეზიდენტის ფონდი, როგორც ასეთი, გაუქმებულია, მე გადავწყვიტე, მოვნახო ახალი ფორმები, იმიტომ, რომ რაღაც ნაწილი, სწორედ ამ კუთხით – ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის, მგონია, რომ აუცილებელია და პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადავწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, სადაც მე – პირველ რიგში და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის დაგროვებით პენსიას და რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვეტთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი… ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე”, – განაცხადა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 13 ათასი ლარია. ზურაბიშვილის თქმით, ძველ ფონდში დარჩენილი თანხით, მიმოზა ცანავას ერთტომუეულის, გურამ დოჩანაშვილის მესამე ტომისა და ჟურნალ „ხიდის“ ექვსი თვის გამოცემები დაფინანდა, ახალგაზრდა მუსიკოსს კი მუსიკალური ინსტრუმენტი შეუძინეს.

 

  • 25
  •  
  •  
  •  
  •