პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ვერ მიულოცავს

სალომე ზურაბიშვილი: ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ. მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს. მიუხედავად ამისა, თავად პრეზიდენტიც, მილოცვისგან თავს იკავებს და ამას იმ საფრთხეებით ხსნის, რომელიც მილოცვას შეიძლება მოჰყვეს.

“მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი, ძალიან ბევრისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მილოცვა, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი. მაგრამ დღეს გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება, ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ, ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •