იდუმალი რადიოსიგნალები დედამიწაზე შორეული გალაქტიკებიდან მოდის

მეცნიერები რადიოიმპულსების წარმოშობის 5 ვერსიას ასახელებენ

მეცნიერებმა ამოუხსნელი ბუნების უცნაური რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც დედამიწაზე სხვადასხვა გალაქტიკიდან მოდის. როდესაც ეს სიგნალები (FRB – სწრაფი რადიოიმპულსები) დედამიწის რადიოტელესკოპებამდე აღწევს, ისინი წამში ათასობით ნაწილად ფეთქდებიან და იკარგებიან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასეთი იმპულსები უკვე რამდენიმე ათეული დაფიქსირდა, თუმცა ამ კვირაში სიგნალები უწინდელზე უცნაური გახდა – ისინი მეორდებოდნენ.

მეცნიერებს არ შეუძლიათ, დაზუსტებით თქვან, რასთან გვაქვს საქმე და საიდან მოდიან რადიოტალღები, ამიტომ რამდენიმე შესაძლო ვერსიას განიხილავენ.

პირველი ვერსია – ნეიტრონული ვარსკვლავია. როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება და კვდება, ის, შესაძლოა, სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცეს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ იმ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომლებიც ძლიერ მაგნიტურ ველში იმყოფებიან, მსგავსი უცნაური სიგნალების გამოცემა შეუძლიათ.

მეორე ვერსიად, მეცნიერები 2 ვარსკვლავის შერწყმას ასახელებენ. თუმცა ამ ვერსიის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა კოსმიური სიგნალები არ მეორდება, რადგან შეჯახების პროცესში ვარსკვლავები იშლებიან და ნადგურდებიან. ბოლო დროს ტელესკოპებით დაფიქსირებული სიგნალები კი სწორედ ასეთია.

მესამე ვერსია ბლიცარია. ბლიცარი სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც საკუთარ წონას ვერ უძლებს, სწრაფად იკუმშება და შავ ხვრელად იქცევა. ეს ფენომენიც ვარსკვლავის განადგურებას იწვევს – შესაბამისად, განმეორებით სიგნალებს აღნიშნული ვერსიაც გამორიცხავს.

მეოთხე ვერსიაა შავი ხვრელი. დღემდე, მასზე იმდენად ცოტაა ცნობილი, რომ იგი ერთდროულად მოვლენის რამდენიმე ახსნის შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი ვერსიით, რადიოიმპულსებს, შავ ხვრელში ჩავარდნის დროს, ნეიტრონული ვარსკვლავი გადმოსცემს. სხვა ვერსიით, ეს თავად შავი ხვრელია, ზომაში ძლიერად დაპატარავების დროს. კიდევ ერთი ვერსიით, სიგნალები, შესაძლოა, ბნელი მატერიის შავ ხვრელთან შეჯახების დროს გადმოიცემოდეს.

და ბოლოს, იქნებ, ეს, სულაც, უცხოპლანეტელებია. იმის მიუხედავად, რომ ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ეს რადიოსიგნალები ბუნებრივი წარმოშობისაა, მაინც არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოვლენა, შესაძლოა, კოსმოსში,  არამიწიერი სიცოცხლის არსებობას ადასტურებდეს. ამ მოსაზრების ოპონენტები აცხადებენ, რომ ასეთი ახსნა არარეალურია, რადგან სიგნალები სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული ადგილიდან გადმოიცემა – სხვადასხვა გალაქტიკიდან. ამდენი განსხვავებული, არამიწიერი ცივილიზაციის არსებობა კი, რომლებიც ერთსა და იმავე ტიპის სიგნალს ერთნაირად გადმოსცემენ, წარმოუდგენელია. ასტროფიზიკოსების თქმით, ასეთი თანხვედრის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

 

წყარო: BBC

ფოტოები: NASA/JPL-CALTECH, GETTY IMAGES,  

  • 22
  •  
  •  
  •  
  •