გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

"ძლიერები არ ძალადობენ" - სოციალური პროექტი რეგიონებში გაგრძელდება

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ”, რომელსაც კომპანია PRMC და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” ახორციელებს, ახალი წლიდან საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური პროექტი, გასული წლის სექტემბრიდან, დედაქალაქის კერძო და საჯარო სკოლებში დაიწყო და უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა. კამპანიაში, კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩაერთნენ. წლის ბოლოს, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც ლეგენდარული სპორტსმენების ისტორიული ნივთები გაიყიდა. შენაძენიდან შემოსული თანხა – 43 ათასი ლარი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურის მოსაწყობას უნდა მოხმარდეს. საქველმოქმედო აუქციონის ჩატარების ინიციატორი სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია იყო. ცნობილი ფეხბურთელი, პროექტის მიმდინარეობისას, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში, მონაწილეობდა სკოლებში გამართულ შეხვედრებში და მოზარდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. საქვემელმოქმედო აუქციონსა და სოციალურ კამპანიაზე გურამ კაშია სააგენტო “რეკორდერს” ესაუბრა:

– ძალიან მაგარია, რომ ასეთი შედეგი მოგვცა ერთმა აქციამ და ასეთი თანხის შეგროვება შევძელით. მიხარია, რომ იდეამ გაამართლა – ბერშუეთელ ბავშვებს ახალი სპორტული დარბაზი ექნებათ, შეძლებენ ვარჯიშს, სწორად დახარჯავენ დროს და ენერგიას, რაც იმის საწინდარია, რომ მომავალში ისინი წარმატებული, ჯანმრთელი, კეთილი ადამიანები იქნებიან. ამიტომ, მინდა, ყველას პირადად გადავუხადო მადლობა, ვინც ჩვენი სპორტსმენების მაისურები და სხვა აქსესუარები შეიძინა. ამ აქციამ მომცა სტიმული, რომ მსგავსი კამპანიები, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც გავაგრძელოთ. ძალიან ბევრი იდეა მაქვს. მთავარია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან.

– აუქციონზე უკლებლივ ნივთი გაიყიდა. ელოდით, რომ ასეთი შედეგით დასრულდებოდა?

– გარკვეულწილად, ველოდი, რადგან თავად აქცია ძალიან საინტერესო იყო, კეთილ საქმეს ემსახურებოდა. მე კიდევ, მჯერა ადამიანების სიკეთის. ამასთან, აუქციონზე ძალიან სიმბოლური ნივთები იყო წარმოდგენილი – სპორტული აქსესუარები, რომლითაც ჩვენ, სპორტსმენებმა, ჩვენს კარიერაში სხვადასხვა მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. საკუთარ მაგალითზე თუ გეტყვით, ერთი შეხედვით, არ იყო იოლი, შევლეოდი იმ ნივთებს, როლებიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს უკავშირდება, სიმბოლოოდ და თილისმადაც კი ითვლება. მაგრამ, ვფიქრობ, თუ ნამდვილად გინდა, სხვისთვის სიკეთე აკეთო, შეელიე იმას, რაც შენთვის სინამდვილეში ძვირფასია. როცა იცი, რომ ამით ბავშვებს სიხარულს მოუტან, მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლი – გააკეთე ეს და არც ერთი წამით არ შეყოვნდე. ჩვენ, ყველამ, უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და ისე, როგორც შეგვიძლია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, როგორც ამ აუქციონის ერთ-ერთი ინიციატორი, მადლობას ვუხდი ყველას – ჩვენს სახელოვან სპორტსმენებსაც და ბიზნეს-კომპანიებსაც, რომელთა დახმარებითაც ეს აქცია შედგა.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტნის თქმით, ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ მიმდინარეობისას, მოზარდებთან შეხვედრამ და საუბარმა მას დაანახა, რომ ბავშვებს, მათთვის პრობლემურ თემებზე, კომუნიკაციის დეფიტი აქვთ. კაშია ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს.

– თქვენ პროექტის დაწყების დღიდან ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში და ძალიან აქტიურად მონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ პროექტმა?

– ასეთი კამპანია, უბრალოდ, აუცილებელია. ახლა ის ვითარებაა, როცა ბავშვების და ჩვენი – მშობლების „გამოღვიძება“ ხდება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ ბულინგი არსებობს. ჩვენ, ყველა შეიძლება დავდგეთ ამ პრობლემის პირისპირ და მთავარია, ამ დროს არ ვიყოთ მარტო. სკოლებში ბულინგის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. სიმართლე რომ გითხრათ, ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც და ასეა დღესაც. შეიძლება, დღეს უფრო მწვავედაც კი. რადგან, რასაც ვხედავ, აგერსია და ნეგატიური ენერგია კიდევ უფრო მოჭარბებულია. ჩვენ რაღაც უნდა დავუპირისპიროთ ამას, გამოსავალი ვიპოვოთ. სწორედ ამიტომ მომეწონა პროექტის იდეა თავიდანვე და სიამოვნებით ჩავერთე კამპანიაში. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბავშვებს გულახდილად მოვუყევი ჩემი გამოცდილება, აზრი გავუზიარე. ძალიან საინტერესო იყო მათთან საუბარი. მე იმ დღეს მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი რამ ახლებურად დავინახე. ჩვენ ასე უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მიხარია, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ, მათთვის მტკივნეულ თემებზე გულახდილად მესაუბრონ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გავაგრძელოთ. მე ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო.

– როცა სკოლაში შეხვედრისას მოსწავლეებს უთხარი, რომ თუკი მათ პრობლემები ექნებოდათ და ვერავის ეტყოდნენ, შეეძლოთ, შენთვის მოემართათ, როგორ გაგრძელდა ეს ურთიერთობები შემდეგ?

– რამდენიმე ბავშვმა სოციალური ქსელით მომწერა. ძალიან გამიხარდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუკი ისინი სანდო პირად მთვლიან – იმ ადამიანად, ვისაც შეუძლიათ, საკუთარი ტკივილი და დარდი გაუზიარონ, რჩევა ჰკითხონ. არ ვიცი, რამდენად შევძელი მათი დახმარება, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს კომუნიკაცია შედგა, ვფიქრობ, უკვე ძალიან კარგია. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს შვილებთან გულახდილი საუბარი და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზატორებმა შეძლეს, შემოეკრიბათ ის ადამიანები, ვინც ბავშვებისთვის ავტორიტეტად ითვლება, ვისი აზრიც მათთვის მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მაგარი პლატფორმაა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჯანსაღი თაობისთვის. ამიტომ, არ უნდა მოვეშვათ. ჩვენც, მოზრდილებმაც უნდა დავხარჯოთ ჩვენი დრო, ენერგია და შესაძლებლობები სწორად – სწორედ ასეთი საქმეების საკეთებლად.

 

 

  • 42
  •  
  •  
  •  
  •  
  •