ანგელა მერკელის კომპიუტერი 20 წლის სტუდენტმა გატეხა

ჰაკერული თავდასხმის 1000-მდე მსხვერპლი და 1 დამნაშავე - გერმანიის პოლიციამ სტუდენტი დააკავა

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ასობით სხვა პოლიტიკოსის ფოსტა და პირადი გვერდები 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა გატეხა. მისი ვინაობა არ ხმაურდება.

ფედერალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ სტუდენტი დაკავებულია. მან დანაშაული აღიარა და ისიც განაცხადა, რომ ყველა ეს მონაცემი “ტვიტერის” ანონიმურ “ექაუნთზე” ჯერ კიდევ გასულ წელს განათავსა. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 3 იანვარს შეიტყვეს – “ინფორმაციის გაჟონვა” გერმანულმა რადიოსადგურმა RBB-მ აღმოაჩინა. 4 იანვარს, დილით, გერმანიის ხელისუფლებამ საგანგებო თათბირი მოიწვია და განაცხადა, რომ მერკელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. ამჟამად, “ექაუნთი”, სადაც ინფორმაციის განთავსება ხდებოდა, დაბლოკილია.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული სტუდენტი ჰესენში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მარტო მოქმედებდა. ის პოლიციასთან თანამშრომლობს და ამიტომ საპყრობილეში არ იმყოფება. “მან თქვა, რომ იმ ადამიანების მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა განცხადებებითაც აღშფოთებული იყო”, – უთხრა ჟურნალისტებს პროკურატურის ინტერნეტ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების პრეს-მდივანმა გეორგ უნგეფუკმა.

გაზეთ “ბილდის” ინფორმაციით, ჰაკერის მსხვერპლი გერმანიის მმართველი ალიანსის 405 პოლიტიკოსი გახდა. მათ პირად ინფორმაციასთან ერთად, 20 წლის სტუდენტმა ათობით ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის მიმოწერებიც გამოაქვეყნა.

კიბერ-შეტევის საქმეს ინფოტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური ბიურო, დაზვერვა, კონტრდაზვერვა და გერმანიის პოლიცია იძიებდა.

ფოტო: Bild

 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •