iPhone იმპერია საფრთხეშია

Apple-ს აქციათა ფასი 250 მილიარდი დოლარით დაეცა

Apple-ს აქციები ჯერ კიდევ 3 თვის წინ 1,2 ტრლნ დოლარი ღირდა. ახალი წლისთვის კი მისი ღირებულება 750 მლდრ დოლარამდე შემცირდა. კომპანიაში აღიარეს, რომ საქმე არც ისე კარგად მიდის. Apple ამის მიზეზად ჩინეთში პროდუქციაზე შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს, რომელთანაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავაჭრო ომს აწარმოებს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ პრობლემას უფრო ფართო სათავეები აქვს და თუ კომპანია სამოქმედო სტრატეგიას არ შეცვლის, iPhone-ის იმპერიას კრახი ელის.

საფონდო ბაზარზე Apple ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რალის ერთ-ერთი ლიდერია და პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ბაზრის ათწლიანი ზრდა დასასრულს უახლოვდება, ბიზნესის ვარდნას კი მის 5 ლიდერს უწინასწარმეტყველებენ, ე.წ. FAANG-ს ჯგუფს: Facebook, Amazon, Apple, Netflix და Google.

ცვლილებები პირველად Facebook-ს შეეხო. შემდეგ Apple-ს ჯერიც დადგა. კომპანიის აქციათა ფასის ვარდნა სექტემბერში, პროდუქციის ახალი ხაზის ტრადიციული ანონსის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. იანვარში კი კრიზისი უფრო გაღრმავდა, როცა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი წლიდან ინვესტორებს სმარტფონების გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას აღარ მიაწვდის. კიდევ უფრო საგანგაშო იყო ყოველკვარტალური გაყიდვის პროგნოზი – 89 მილიარდი დოლარი, რასაც არავინ ელოდა. საახალწლოდ კი, Apple-ს ფასიანი ქაღალდების მფლობელებმა კომპანიის დირექტორის, ტიმ კუკის წერილი მიიღეს. წერილში კუკი მათ აცნობებდა, რომ შეფასება მცდარი იყო – კვარტალური გაყიდვა კიდევ 5 მილიარდი დოლარით შემცირდებოდა. “მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ბაზრებზე ჩვენ გარკვეულ სირთულეებს ველოდით, ბოლომდე ვერ შევაფასეთ ეკონომიკური ზრდის შეფერხების მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ჩინეთში”, – წერდა კუკი. წერილში იგი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს შეეხო და აღნიშნა, რომ ჩინური პრობლემები iPhone-ის ტელეფონებს, iPad-ის პალენშეტებსა და Mac-ის კომპიუტერებს შეეხო. Apple-მა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, პირველად გადახედა პროგნოზს.

ანალიტიკოსების უმეტესობა აღნიშნავს, რომ კომპანია ახალი რეალობის წინაშე დადგა. საკონსულტაციო კომპანია IDC-ს ანალიტიკოსი, ვილი ვონგი ამბობს, რომ ამერიკული კომპანია ჩინეთში ნელ-ნელა უთმობს პოზიციებს ადგილობრივ Oppo-ს, Huawei-ს и Xiaomi-ს. ტრამპის თავდასხმებმა ჩინეთზე და ვაშინგტონის მოთხოვნით, Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილის დაკავებამ კი ჩინელების მსყიდველობითი პატრიოტიზმი კიდევ უფრო გააღრმავა. ამასთან, მისი თქმით, Apple-ს სტრატეგია – გაზარდოს ფასები, გაყიდვების შემცირების პარალელურად – კარგად მუშაობდა ეკონომიკისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდის პერიოდში, ჩინეთში კი ახლა ამის საპირისპირო ვითარებაა, მათ შორის, ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის გამო.

თუმცა Apple-ს პრობლემები მხოლოდ ჩინეთში არ აქვს. კომპანიის დირექტორმა ინვესტორებისთვის მიწერილ წერილში აღიარა, რომ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც რეალობა მოლოდინს არ შეესაბამება:  iPhone 8-ის გამოსვლის შემდეგ, მომხმარებლები ახალ ტელეფონებს სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ.

ექსპერტები თვლიან, რომ Apple-ს მომავალი მხოლოდ გარე ფაქტორებზეა არ არის დამოკიდებული, მაგალითად, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომზე, არამედ, პირველ რიგში, კომპანიის უნარზე, ისწავლოს შეცდომებზე, მოერგოს ახალ რეალობას და რაც მთავარია, მოახდინოს ახალი ტექნოლოგიური გარღვევა.

მანამდე, ინვესტორების მთავარი ამოცანაა, გაარკვიონ, რამდენად გააღრმავა კომპანის აგრესიულმა საფასო პოლიტიკამ არსებული კრიზისი და შეძლებს თუ არა და Apple, შეინარჩუნოს მაღალი ფასი iPhone-ზე.

წყარო: BBC

ფოტო: GETTY IMAGES

  • 2
  •  
  •  
  •  
  •