ტრადიციული საახალწლო კერძები

რას მიირთმევენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

ახალ წელს ზოგი ჭიქა შამპანურით, საზეიმო ქუდით და ზუსტად 12-ზე – კოცნით ხვდება. თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე შემორჩა ტრადიციული კერძები, რომლებიც საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება.

სამხრეთ ამერიკაში ტრადიციული საახალწლო კერძი “მხტუნავი ჯონია” (Hoppin’ John). მას ე.წ. შავთვალა ბარდისა და ბრინჯისგან ამზადებენ, კომბოსტოს და მწვანილს უმატებენ და სიმინდის პურთან ერთად მიირთმევენ. ამერიკელებს სჯერათ, რომ ამ კერძს საახალწლოდ იღბალი მოაქვს. გავრცელებული ვერსიით, “მხტუნავი ჯონის” სამშობლოდ აფრიკა ითვლება, საიდანაც მონებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოიტანეს. კერძის სახელწოდება კი ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში დაიბადა. ბოლო ასწლეულის განმავლობაში, “მხტუნავი ჯონის” რეცეპტი პროფესიონალმა მზარეულებმა დახვეწეს და უფრო მრავალფეროვანი გახადეს, თუმცა კერძის ძირითადი ინგრედიენტები – ბარდა და ბრინჯი უცვლელია.

 

იმ დროს, როცა ამერიკელები თაიმს სკვერზე უზარმაზარ მოელვარე ბურთს შეჰყურებენ, ესპანელები მადრიდის პუერტა დელ სოლიდან საათის რეკვას ელოდებიან. ამ ღამეს, როცა საათი 12-ჯერ დარეკავს, თითო დარეკვაზე ესპანელები ყურძნის ერთ მარცვალს ყლაპავენ. შუაღამის დადგომამდე, მათ რიტუალის დასრულება უნდა მოასწრონ. ამას “ყურძნის 12 მარცვლის ტრადიცია” ჰქვია. ეს ტრადიცია ესპანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდა და მის სათავეში, სავარაუდოდ, ყურძნით მოვაჭრეები იდგნენ.

 

მექსიკაში, სადღესასწაულო კერძად ტამალესი ითვლება. მექსიკელები სიმინდისგან ცომს ამზადებენ, (ღომის მსგავსად), მასში ხორცს, ყველს და სანელებლებს ურევენ და ბანანის ან სიმინდის ფოთლებში ახვევენ. ახალ წელს ტამალეს ტრადიციულ მექსიკურ წვნიანთან, მენუდოსთან ერთად მიირთმევენ.

ნიდერლანდებში, ახალი წლის დღესასწაულზე  ყველაზე  პოპულარული ზეთში შემწვარი ცომის გუფთა, იგივე “ოლიებოლენია”, მოცხრით და ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით. ოლიებოლენი დონატის წინაპრად ითვლება. ამსტერდამში მას პირდაპირ ქუჩებში ჰყიდიან.

ავსტრიასა და გერმანიაში ახალი წლის ღამეს “სილვესტერაბენდს” ეძახიან ანუ წმინდა სილვესტერის საღამოს. ავსტრიაში ამ დროს წითელი ღვინის პუნშს სვამენ, დარიჩინით და სანელებლებით, სადილად – გოჭს მიირთმევენ, ხოლო მაგიდას მარციპანისგან დამზადებული გოჭებით – “მარციპანშვაინით”რთავენ.
“იღბლიანი ღორები” ანუ “გლუკშვაინი”, რომელსაც სხვადასხვა მასალით ამზადებენ, ავსტრიასა და გერმანიაში ტრადიციულ საახალწლო საჩუქრად ითვლება.

იაპონურ ოჯახებში ძველ წელს “სობა ნუდლსით” აცილებენ და ახალს ეგებებიან. მეორენაირად, ამ კერძს “ტოშიკოში სობასაც” ეძახიან. ეს ტრადიცია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს. გრძელი, მოყავისფრო-მონაცრისფრო ატრია წიწიბურას ფქვილისგან მზადდება და ის ხანგრძლივ სიცოცხლეს სიმბოლიზირებს. კიდევ ერთი იაპონური ტრადიიციის თანახმად, მეგობრები და ოჯახის წევრები, ახალი წლის წინ, ერთად ამზადებენ ბრინჯის ტკბილ ნამცხვარს, რომელსაც დესერტად მიირთმევენ.
სადღესასწაულო “მეფე ნამცხვარი” ევროპის ბევრ ქვეყანაში მრავალსაუკუნოვან ტრადიციად ითვლება. ბერძნები მას “ვასილოპიტას” (Vasilopita) ეძახიან, ფრანგები კი – გალეტებს (Galette des rois), მექსიკელებს აქვთ Rosca de Reyes, ბულგარელებს კი – Banitsa. 
უმეტეს ქვეყნებში “მეფე ნამცხვარს” ახალი წლის ღამეს მიირთმევენ, თუმცა ზოგან მას საშობაოდ ამზადებენ და შიგ ოქროს მონეტას დებენ. ვისაც მონეტა შეხვდება, ითვლება, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაუმართლებს.
იტალიელებისთვის ახალი წლის ღამეს La Festa di San Silvestro იწყება, რაც ხშირად ტრადიციულ Cotechino con lenticchie-ს უკავშირდება. ეს კერძი იღბლის მომტანად ითვლება. მას ძეხვეულისა და ოსპის მარცვლებისგან ამზადებენ. ნამდვილი იტალიელების საახალწლო სუფრაზე, ასევე, აუცილებლად დევს Zampone – ფარშირებული ღორის ფეხი. სადღესასწაულო კერძებს კი Chiacchiere ამთავრებს. ესაა შემწვარი ცომის გუფთები, თაფლითა და შაქრის პუდრით.
ვინაიდან პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში ქაშაყი ძალიან გავრცელებულია, ახალი წლის ღამესაც, ტრადიცულად, დამარილებულ ქაშაყს მიირთმევენ, სოუსით ან ხახვით.
პოლონეთში ამ კერძს  Sledzie Marynowane-ს ეძახიან. დამარილებულ ქაშაყს 24 საათით წყალში ათავსებენ და შემდეგ ხახვთან, სანელებლებთან, შაქართან და ძმართან ერთად ამზადებენ. სკანდინავიელები ქაშაყს საახალწლო მაგიდაზე შებოლილ და დამარილებულ თევზთან, პაშტეტთან და ხორცის გუფთებთან ერთად დებენ.
დანიასა და ნორვეგიაში ახალი წლის ღამეს, ასევე, სხვა დღესასწაულების დროს, აუცილებლად მიირთმევენ Kransekage-ს. ეს ნამცხვარი მარციპანისგან მზადდება და ბეჭდებისგან აგებულ კოშკს ჰგავს. ხშირად ნამცხვრის ბეჭდებს ღვინის ან წყლის ბოთლის ირგვლივ, ერთმანეთზე ალაგებენ და ორნამენტებით, დროშებითა და კრეკერებით რთავენ.

წყარო: CNN.com

 

 

 

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •