გიორგი გახარია: თუ ვინმემ ეს მასალა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად გამოიყენა, ისიც იქნება დასჯილი

შს მინისტრი ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილესა და გავრცელებული ინფორმაციით,”ქართული ოცნების” მთავარ PR კონსულტანტთან – ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა. 

“ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი: ყველა, ვინც  კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის – იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს – იქნება დასჯილი. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

აქვე, შს მინისტრმა დასძინა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად მისთვის “შემზარავი ფაქტი”.

2 დღის წინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა პატრულის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საჭეს, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს. როგორც “რუსთავი 2”-ის წყარომ განაცხადა, ვიდეომასალა გასული წლის ზაფხულში, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონშია გადაღებული. პატრულ-ინსპექტორის თქმით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მან ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაუშვა.

 

ფოტო: შსს

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •