ვლადიმირ ვაისი: ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დაპირისპირება დღეს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. 

უეფას ერთა ლიგის ბოლო მატჩამდე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა, “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მოედანზე, ყაზახეთის წინააღმდეგ, ის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.

“ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე, ყაზახეთი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ.

ერთა ლიგის გასულ ტურში ყაზახეთი – ლატვიის შეხვედრას ვუყურეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებს საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახებს ჩვენი მსგავსი ხარვეზი აქვთ და ეს საგოლე მომენტების ვერ გამოყენებას უკავშირდება.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის – იძულებითი. იცით, რომ ნავალოვსკიმ ტვინის შერყევა მიიღო და ასეთი ტრავმით ის ვერ დაგვეხმარება. ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, ისეთ შემადგენლობას შევარჩევთ, რომელიც გაიმარჯვებს.

ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში, ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან. ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს. ჩვენ სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ ჯგუფი. რა თქმა უნდა, იმ ქართველი ვარსკვლავების დაბრუნება, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებიან, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალ მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.

ანდორაში თამაში ადვილი არავისთვისაა, იქ პორტუგალიის ნაკრებსაც კი გაუჭირდა. ჩვენ მსგავსად, ანდორაში გასვლაზე ქულები ყაზახეთის ნაკრებმაც დაკარგა და დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი თამაში არც ლატვიელებს ელით. ჩვენ ვერ შევძელით გვეჩვენებინა ის, რაც რეალურად შეგვიძლია, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნებოდა. დავუშვით ერთი შეცდომა და მივიღეთ გოლი საკუთარ კარში, თუმცა ეს უკვე ისტორიაა და მასზე საუბარს აზრი არ აქვს. მარტივი თამაში არც ყაზახეთის წინააღმდეგ გველის, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ, როგორც ეს ლატვიაში და ყაზახეთთან გავაკეთეთ”, – განაცხადა ვაისმა.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დაპირისპირება დღეს, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •