ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ივანე მაჭავარიანის თქმით, "დასახმარებელთა" საბოლოო სიები 3 დეკემბრისთვის დაზუსტდება

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლების დროს დანერგილი “უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელის” გამოსწორება დღეს უწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ მიზნით, მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა რეგულაციები და დანერგა თამაშის ახალი წესები, რაც “უპასუხისმგებლო კრედიტის” გაცემას და აღებას გამორიცხავს.

“ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ამიერიდან პასუხისმგებლობა ორივე მხარემ: გამსესხებელმაც და მსესხებელმაც უნდა გაიზიაროს და თუ შემდგომში აღებული კრედიტის არგადახდა მოხდება, ამას არავინ წაახალისებს. ეს ერთჯერადი აქტია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

როგორც ფინანთა მინისტრმა აღნიშნა, ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე “ამომღებ” ორგანიზაციებთან ერთად, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რის შედეგადაც კონსესუსის მიღწევა მოხერხდა: საფინანსო ორგანიზაციებმა ე.წ. უიმედო ვალების პორტფელი ფონდ “ქართუს” გადასცეს. ივანე მაჭავარიანის თქმით, “შავ სიაში” მოხვედრილ, დაახლოებით – 700 ათას ადამიანს შორის, მოწყვლადი კატეგორია – 600 ათასამდე მევალე შეირჩა, რომლებიც უპასუხისმგებლო დაკრედიტების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. მათ დავალიანებას, რაც მილიარდნახევრამდე ლარს აღწევს, მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს. ფონდ “ქართუს” გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრმა “სოციალური პასუხისმგებლობის აქტი” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი დახმარების გარეშე, ჭარბვალიანობის გადაჭრის გზის პოვნა რთული იქნებოდა.

ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ “დასახმარებელთა” სიაში მხოლოდ ის პირები მოხვდებიან, რომელთაც, დავალიანების ძირი თანხის სახით, 2 ათას ლარამდე აქვთ დარჩენილი და კრედიტის დასაფარად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანაირი მოცულობის თანხა არ გადაუხდიათ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, დავალიანების მქონე პირთა ბაზების შეჯერება მიმდინარეობს, 3 დეკემბრისთვის კი – ერთიანი ბაზა შეიქმნება, რომელიც სპეციალურ ვებ-გვერდზე, პირადი მონაცემების დაცვით გამოქვეყნდება და მოვალეებს ამ სიაში საკუთარი თავის მოძებნა შეეძლებათ. რაც შეეხება ტრანზაქციებს, მას ფონდი “ქართუ” 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განახორციელებს.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას “ვალების განულებასთან” დაკავშირებით არჩევნების მეორე ტურთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა პრემიერ-მინისტრმა დიდი ხნის წინ წამოჭრა და ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში მისი გადაჭრის გზებს ეძებდა. “როგორც უმეტეს შემთხვევაში, “ქართუ” აღმოჩნდა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ყველაზე ეფექტურად იცავს და ახორციელებს”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ არჩევნებამდე არანაირი ტრანზაქცია არ განხორციელდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია – ონლაინ-მსესხებელი “ვივუსი” აღმოჩნდა, რომელმაც, მისთვის გაუგებარი მიზეზებით, მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. შესაბამისად, “ვივუსის” მომხმარებლებს “ქართუს” ქველმოქმედება არ შეეხებათ.

 

 

 

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •