ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ონლაინსესხების კომპანია ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსში” აცხადებენ, რომ ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს წინადადებათა პაკეტი ორჯერ გაუგზავნეს, თუმცა მათთვის არავის უპასუხია.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, – ნათქვამია კომპანია “ვივუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჭარბვალიანობის გადაჭრის პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ონლაინსესხების კომპანია “ვივუსმა” განაცხადა. შესაბამისად, ამ კომპანიის “შავ სიაში” მოხვედრილ კლიენტებს ფონდი “ქართუს” დახმარება არ შეეხებათ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •