კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

თბილისის მერი "ნაციონალურ მოძრაობას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ოპოზიციას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჰააგაში გასამართლების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის თაობაზე, კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:

“ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და “ნაციონალური მოძრაობა” უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას,  მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.

მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან! სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება ” საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე” დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, სამხედროების ზურგს ამოფარებული, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს:

“პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით, პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც კი არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა. ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტობრივად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა. პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეიარაღებულ ძალებს. დღეს ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში…

მივმართავ მათ, ვინც ამ დანაშულების დასაფარად, გადალახა პოლიტიკური ოპონირების დასაშვები ზღვარი: ვერ ეღირსებით ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას! ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი – დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ. სწორედ ხალხთნ ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, რომელმაც აგვისტოს ომის დაწყებასა და საკუთარი მოსახლეობის დაბომბვაში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რამდენჯერმე დაადანაშაულა, ქართველი სამხედროები, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი ან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.

2016 წლის იანვრის ბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა მიიღო ნებართვა 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების თაობაზე. საგამოძიებო პერიოდი, რომელიც ჰააგის სასამართლომ განსაზღვრა, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე დროს მოიცავს.

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •