ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო

გენერალ-მაიორი ვალდიმერ ჩაჩიბაია გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის მიმართვას საგანგებო განცხადებით პასუხობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ  ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.

კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.  შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში, აქტიურად ვრცელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის, ასევე, ყოფილი სამხედროებისა და სამართლდამცველების მიმართვები საქართველოს მოსახლეობას – არ აირჩიონ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი!

“2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს”, – ამ სიტყვებით მიმართა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ ჯარს და ამომრჩეველს.

გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტს 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იკავებდა. ამ თანამდებობაზე იგი მისმა მაშინდელმა მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ შეცვალა – მხოლოდ ორიოდე თვით. 2012 წლის ნოემბერში გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე გახდა, ერთი წლის შემდეგ კი – ვახტანგ კაპანაძე.

2016 წლის ნოემბრიდან, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტს, უკვე მეორედ, ვლადიმერ ჩაჩიბაია იკავებს. ამ თანამდებობაზე იგი ერთხელ უკვე მუშაობდა – 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტამდე. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ჩაჩიბაიას მწვავე კონფლიქტი მოუვიდა თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილე ბაჩო ახალაიასთან, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მალე ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის მოადგილემდე დააქვეითეს. ხოლო, როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, შეიარაღებული ძალებიდან საერთოდ გაუშვეს – მან დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლა.

პოლკოვნიკი ჩაჩიბაია გენშტაბში, უფროსის პირველ მოადგილედ, 2012 წლის დეკემბერში, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დააბრუნა. 2014 წლის ივნისში მას ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

  •  
  •  
  •  
  •  
  •