რუსოს ამერიკული დღიური

ფრთხილად ოცნებებთან!

ფრთხილად ოცნებებთან!

ქუთაისში, ადრიანი გაზაფხულის გრილ საღამოს, ახლობლის ოჯახში ყავის წრუპვა-წრუპვით ჩამომჯდარი,  გადარეულ აპრილთან კვლავ ასე ერთფეროვნად შეხვედრის პერსპექტივამ ნაღველი მომაყოლა ფიქრში.
– ერთი, დამაყენა ისეთ გზაზე, რომ არ იცი, სად მიდიხარ, რატომ და ვისთან… ისე წამიყვანა სადღაც, უცხო მხარეს, – ხმამაღლა ამოვიდუდუნე გაურკვეველი ოცნება. ჩემმა გონიერმა მასპინძელმა, ქალბატონმა ნანიმ სახის ცალი მხრით გამიღიმა. გაუღიმა ჩემს ოცნებას და არ გამიღიმა მე, რადგანაც აშკარად იგრძნო ჩემი უგზო-უკვლოდ სიარულის სურვილის „ხეტიალობასთან“ ასოცირება.

არც იმ გაზაფხულს გამხსენებია ჩემი ოცნება, არც ზაფხულს და არც სექტემბერში, ამერიკის ვიზით ხელში ჩემს მეგობრებთან ერთად კენედის აეროპორტში დასაფრენ ავიაბილეთებს რომ ვყიდულობდით. გამახსენდა ერთ ყინვა-თოვლიან საღამოს, მაგისტრალზე მდგარს, სახელიც რომ არ ვიცოდი ქალაქის, სადაც ვიდექი, არც ავტობუსის ნომერი ვიცოდი, რაც იქ მიმიყვანდა, სადაც მივდიოდი და არც ის, გამოივლიდა თუ არა ტრანსპორტი საერთოდ იმ ღამით.

ასე გაუაზრებლად არსად წავსულვარ, მისამართი და ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი ყოველთვის თან მქონდა. იმ შემთხვევაში კი, პაციენტის ოჯახმა მიმიყვანა საავადმყოფომდე, სადაც, ორი დღით, მათ ახლობელს ვადექი თავზე და უკან, სადგურზე მანქანით გაყვანასაც დამპირდა. თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა და „დიდი მადლობის“ თანხლებით საღამოს შვიდ საათზე გარეთ გამომისტუმრა. აქაური ზამთრის შვიდი საათი უკვე ღამეა, სავსე ყინვით და სისველით.

ვდგავარ მაგისტრალზე. დაჰქრიან მანქანები. ტაქსი ამერიკაში გამოძახებითაა, მხოლოდ მანჰეტენზე გიჩერებს – ხელის აწევის შემთხვევაში.

საერთოდ, პანიკა არასდროს მჩვევია. პრინციპში, საქმე აქამდე არც მისულა: ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში, ვრეკავდი მეგობრებთან და მანქანით ჩამომაკითხავდნენ. თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, მაინც საკუთარი ძალებით მომეგვარებინა პრობლემა. ვიცოდი, საღამოობით, დაღლილები, „მიყრილები“ რომ ისხდნენ შინ თბილად.

მექანიკურად მივუყვებოდი გზატკეცილს, გათიშული გონებით, აშკარად უფალს მინდობილი. მაშინ, პირველად დავინახე ჩემი წინა გაზაფხულის ნაფიქრალი და ახლა ახდენილი ოცნებების ასე საოცარი მსგავსება.

ამ ფიქრებში, პირდაპირ ჩემს ფეხებთან შეჩერდა დიდი ავტობუსი. მძღოლი მეძახის: ვინმეს ელოდებით თუ დახმარება გჭირდებათ?.. მჭირდება-თქო. ამოდიო, – სიცილით შემომანათა იმედი შავი სახით და თეთრი კბილებით. ამ დროს აქ რა გინდაო? აქ არაფერი გამოივლისო…. შევეცადე, ჩემი დამტვრეული ინგლისურით ამეხსნა შექმნილი ვითარება. – ნუ გეშინია, ღამეს ქუჩაში არ გაგათევინებო…

დაახლოებით, ერთი საათის სიარულის შემდეგ მიახრიგინა უზარმაზარი ავტობუსი სადგურზე. ბილეთების სალაროსთან მიმიყვანა და მანჰეტენის გზაზე დამაყენა. იქ  კი უკვე „ჩემი ტერიტორია“ იყო.

იმ საღამოს, ჩემს გმირს სახლის ზღურბლთან უთუოდ დახვდებოდა გაბზეკილსაჯდომიანი, თეძოებზე მუჭებშემოწყობილი, მუქკანიანი მეუღლე, ქათქათა კბილებით რომ დაუტატანებდა: – რამდენი ხანი უნდა გელოდოთ სადილზე? სად დაეხეტები აქამდეო?!

მერე ქმარი აუცილებლად მოუყვებოდა, როგორ დაეხმარა ღამით, ააა, აი, ამ სიმაღლის თოვლიან გზაზე მობოდიალე, ყინვასთან მებრძოლ კაფანდარა უცხოელს, როგორ დაინახა მისი იმედიანი თვალები და როგორ გაიხარა, როცა ამდენჯერ მოისმინა უცხო აქცენტით ნათქვამი – Thank you very much. ამიტომ, აქვე, აუცილებლად დაასკვნიდა, რომ კიდევ დაეხმარებოდა სხვა გზაარეულ უცხოელს, რომელიც არც იმ დღეს დაივიწყებდა არასდროს და არც მის მხსნელს. შემდეგ… ისიც აუცილებლად დაეხმარებოდა სხვა უცხოელებს, გზაარეულებს და გზადაწყობილებსაც, ვისაც დახმარება სჭირდება ან უბრალოდ, ღიმილი – იმედის მისაცემად…

ვინ იცის, იქნებ, იმ საღამოს და სხვა საღამოებსაც, ღამის სიბნელის მოლოდინით შეშფოთებული მგზავრები, ან სულაც შიშისგან მოკანკალე მოგზაურები, უსახლკაროები, ან სახლკარიანები, მაგრამ გზააბნეულები, დგანან გაურკვეველ ადგილას, დგანან გაურკვეველი მოლოდინით… შესაძლოა, დახმარების მოსახმობად საჭირო ენერგიაგამოცლილები, იმედგადასაწურად გამზადებულები, ილაჯგაწყვეტილები… დგანან ხელჩამოყრილები, ბეჭედდაცურებულები, ზურგმომრგვალებულები… დგანან და მუდარით გასცქერიან ცარიელ ან ხალხით სავსე გზას, რომლებიც მათთვის ცარიელია მანამ, ვინმე ჩემი გმირისნაირი, თეთრკბილებიანი გამოელაპარაკებათ. დგანან და ელიან ასეთებს, მხიარულებს, დაუზარლებს, სიცოცხლისუნარიანებს, კეთილგანწყობილებს, დღის სასწაულად მქცეველებს, გზის გამნათებლებს. ასეთებს ელიან, ზუსტად თქვენნაირებს, სიკეთის ჩასადენად გამზადებულებს.

დარწმუნებული ვარ, ემიგრაციის გზაზე გადებულ არაერთ თქვენთაგანს გაუღიმა ბედმა ზუსტად ისეთი თეთრი ღიმილით, როგორც მე, იმ საღამოს.

ახლა ვზივარ და ბედს ირონიით ვუღიმი, ოცნება ზუსტად, მაგრამ ასე უცნაურად რომ ამიხდინა და სრულიად უცხო ადგილას, წარმოუდგენელი – „რა იქნება შემდეგით?“ დამაყენა.

ასე რომ, ფრთხილად ოცნებებთან!

 

  • 201
  •  
  •  
  •  
  •