ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

დედამიწა მზის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს

ნასა-ს მისია, რომელიც მზისკენ ორთვენახევრის წინ გაემართა, ვარსკვლავს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა – და იგი მოძრაობას ისევ აგრძელებს.

წინა რეკორდი ამერიკულ-გერმანულ ერთობლივ თანამგზავრს – „ჰელიოს 2“-ს ეკუთვნოდა: 1976 წელს ის მზეს 42,73 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა.

„პარკერი“, რომლის ამოცანაა – „შეეხოს მზეს“, ვარსკვლავს 7-ჯერ უფრო ახლო მანძილზე უნდა მიუახლოვდეს. მზესთან მიახლოების უკიდურეს წერტილში აპარატს ვარსკვლავიდან 6 მილიონი კილომეტრი უნდა აშორებდეს – ეს 25-ჯერ უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი პლანეტის ორბიტა.

მზისკენ სვლის დროს „პარკერმა“ უკვე დაამყარა ახალი რეკორდი  –  გახდა ყველაზე სწრაფი ობიექტი, რომელიც ოდესმე ადამიანის ხელს აუგია – მისი სიჩქარეა 70 კმ/წამში. თუმცა ეს მონაცემები კიდევ უფრო უმჯობესდება მზესთან მიახლოვების პარალელურად – გათვლების თანახმად, აპარატის სიჩქარის უმაღლესი მაჩვენებელი უნდა იყოს 190 კმ/წამში (680 ათასი კილომეტრი საათში).

შედარებითი სიახლოვის მიუხედავად – ცხადია, კოსმიური თვალსაზრისით – ჩვენ არც ისე ბევრი ვიცით ჩვენი ვარსკვლავის შესახებ. მაგალითად, ამოუხსნელი რჩება მზის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო: რატომ არის მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი ასობით მეტჯერ ცხელი, ვიდრე მზის ზედაპირი. ეს იგივეა, უფრო მეტად დაგვცხეს, თუ კოცონიდან მოშორებით დავსხდებით.

შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან მზის გამოსხივების მხოლოდ მცირედი ნაწილი ჩანს, ამიტომ ვარსკვლავი გვეჩვენება, როგორც მშვიდი და უცვლელი დისკო. სინამდვილეში, მზეზე გამუდმებით ხდება ძლიერი აფეთქებები, რომელთა შედეგადაც, დამუხტული ნაწილაკები და ელექტრომაგნიტური გამოსხივება – ე.წ. მზის ქარი – ირგვლივ მილიარდობით კილომეტრზე ვრცელდება.

ს აღმოჩენა მე-20 საუკუნის შუა წლებში ამერიკელმა ასტრონომმა, იუჯინ პარკერმა გააკეთა. სწორედ მის სახელს ატარებს ნასას-ს ახალი თანამგზავრი. 91 წლის მეცნიერი „პარკერის“ გაშვებას თავადაც ესწრებოდა.

დედამიწაზე მზის ქარი იწვევს ჩრდილოეთის ნათებას, მაგნიტურ შტორმს და სხვა მოვლენებს, რომლებსაც საერთო სახელით – „კოსმიური ამინდით“ მოიხსენიებენ. მსგავსი აფეთქებები არა მხოლოდ ზემოქმედებენ ჩვენს განწყობაზე, არამედ აფერხებენ რადიოკავშირს, ელექტროკავშირს და  თანამგზავრების მუშაობას. მაგალიად, 1989 წელს მძლავრმა შტორმმა – მზის ქარმა რამდენიმე საათით უშუქოდ დატოვა კანადის მთელი პროვინცია კვებეკი, ხოლო ჩრდილოეთის ნათება ჩანდა ფლორიდასა და ტეხასში, სადაც ის, როგორც წესი, არ არის.

„ჩვენი სამყარო მუდმივად განიცდის მზის ენერგიის ზემოქმედებას,- განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, ნიკი ფოკსმა, – მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ცოდნა, რა მექანიზმს მოაქვს ჩვენამდე მზის ქარი და სწორედ ამის გარკვევა გვინდა“.

ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, ამ კვლევის დახმარებით, ისინი უკეთ გაიგებენ მზის ქარის ბუნებას – და შესაძლოა, წინასწარ შეძლოს კოსმიური ამინდის განსაზღვრა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, უახლოეს მომავალში მარსზე პირველი ადამიანების გაშვება იგეგმება. მისია 3 წელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს. და თუკი ამ დროს მზეზე ძლიერი და ინტენსიური ამოფრქვევა მოხდება, ყველა ასტრონავტი დაიღუპება. დედამიწაზე კოსმიური გამოსხივებისგან ჩვენ პლანეტის მაგნიტოსფერო გვიცავს, მაგრამ ღია კოსმოსში მზის ქარისგან თავის შეფარება შეუძლებელია – მისმა მოულოდნელმა შემოტევამ შეიძლება გაანადგუროს ხომალდის ელექტრონიკა და ეკიპაჟის დნმ-ში შეუქცევადი მუტაცია გამოიწვიოს.

„პარკერმა” უნდა უპასუხოს რამდენიმე კითხვას: რატომ ჩქარდება მზის ქარი და როგორ შეუძლიათ დამუხტულ ნაწილაკებს, გადააჭარბონ სინათლის სიჩქარეს. ამისთვის აპარატი მზეს მაქსიმალურად ახლოს უნდა მიუახლოვდეს – მისი ატმოსფეროს ზედა ფენამდე.

მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნიკოლინ ვიალის თქმით, „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩავდოთ თერმომეტრი პირდაპირ გვირგვინში“ (ასე ეძახიან მზის ატმოსფეროს გარე ფენებს) და ვნახოთ, როგორ იწევს ტემპერატურა.“

მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ისე, რომ „თერმომეტრი“ არ გადნეს? მზის სხივებისგან ზონდს უპრეცენდენტო თერმოდაცვა დაიცავს: 12 სმ.სისქის მრავალშრიანი ფირფიტა და 7 მიმღებისგან შემდგარი რთული სისტემა, რომლის ამოცანაა, ავტონომიურად, დედამიწასთან კონტაქტის გარეშე, აკონტროლოს, რომ აპარატი ყოველთვის იყოს შებრუნებული მზისკენ საჭირო ანუ დაცული მხრით.

როგორც კი „პარკერი“ დამცავ ეკრანს ოდნავ მაინც გასცდება, აპარატი, რომლის შექმნასა და კოსმოსში გაშვებისთვის 1,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოვა ან დაიწვება.

თავად აპარატი  კომფორტულ პირობებში იმუშავებს: 30 გრადუსზე ცელსიუსით, ხოლო  სამმეტრიანი ზონდის კუდი ნამდვილ კოსმიურ სიცივეში აღმოჩნდება – მინუს 130 გრადუსზე. ამიტომ, დამატებით უნდა გაათბონ, რომ ელექტრონტექნიკამ მუშაობა შეძლოს.

მზეზე შეგროვილი ინფორმაციის გადმოცემას აპარატი მხოლოდ უკან, დედამიწასთან მოახლოვების შემდეგ შეძლებს.  მისი „მოგზაურობა“ კი 88 დღეს გაგრძელდება – ანუ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, მეცნიერებს ლოდინის კიდევ სამი თვე აქვთ.

პარკერის მსგავსი ზონდის გაშვებას ევროპული კოსმიური სააგენტოც გეგმავს, თუმცა ევროპული მისია 2020 წლამდე გადაიდო.

წყარო: BBC

ფოტოები: NASA, UNIVERSITY OF CHICAGO

  •  
  •  
  •  
  •  
  •