2019 წლის ჰოროსკოპი

რა პერსპექტივას გვპირდება ღორის წელიწადი

რა პერსპექტივას გვპირდება ღორის წელიწადი

2019 წელი ჰოროსკოპის თითქმის ყველა ნიშნისთვის, 2018 წელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად პოზიტიური იქნება. სამი მძიმე და ქაოსური წლის შემდეგ, როგორც იქნა, შეგვიძლია სიტუაციის რეალურ გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ.

ზოგადი პოზიტიური ფონის მიუხედავად,  პირველი სამი თვე, ურანის და პლუტონის გავლენით, მცირე რყევები გველის, რაც გამოიხატება ცვლილებებში, როგორც პირად სივრცეში, ისე საზოგადოდ, ბიზნეს და პოლიტიკურ ჯგუფებში.

საბედნიეროდ, ამ პროცესში ჩაერთვება გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, რაც დაგვიცავს, გაგვათავისუფლებს ნეგატივისგან და მოგვცემს შანსს, რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეთ.

პლუტონი თხის რქაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ფინანსური თვალსაზრისით, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავჭრათ და დავაბალანსოთ არსებული ფინანსური პრობლემები.

რეტროგრადული მერკური

2019 წელს პლანეტა მერკური 3-ჯერ დარეტროვდება, ანუ უკუსვლას დაიწყებს.

  1. 5 მარტიდან – 29 მარტამდე მერკური რეტროგრადული იქნება თევზებში.
  2. 8 ივლისიდან უკუსვლას ლომის ნიშანში დაიწყებს და პირველ აგვისტოს კიბოს ნიშანში დაასრულებს.
  3. 31 ოქტომბრიდან – 20 ნოემბრამდე მერკური მორიელის ნიშანში დარეტროვდება.

პლანეტა მერკურის რეტროგრადულობის ყოველი ეტაპი უკავშირდება შეფერხებას, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და მოქმედებების გადახედვას, რაც გვეხმარება, კარგად გავაანალიზოთ ცხოვრებისეული პერსპექტივები; დავაბრუნოთ ის ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც ნამდვილად ძვირფასია. ასევე, გვეძლევა შანსი, გავთავისუფლდეთ ძველი, დამაბრკოლებელი ურთიერთობებისგან.

სიყვარული

2019 წელს უფრო მარტივად ვიპოვით სიყვარულს, თუ ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით შევხედავთ. სიყვარულის სფეროში, წლის ყველაზე მთავარი ასტროლოგიური მოვლენა 2019 წლის 9 ნოემბერს იუპიტერის მორიელში გადასვლა იქნება, რაც ურთერთობების გამყარებას და ქორწინებას შეუწყობს ხელს.

კარიერა

სატურნი, რომელიც ნათალურ რუქაში კარიერისა და პროფესიული ზრდის სიმბოლოა, 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2020 წლის 18 დეკემბრამდე, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშია. თხის რქა მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ეკლესიას, მონარქიას, მსხვილ კორპორაციებს, საფინანსო სისტემას და მაკროეკონომიკას.

სატურნი თხის რქაში ამ სტრუქტურებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, როგორც მათი მდგრადობის შემოწმების, ისე უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით.

სოციალური კუთხით, 2019 წლის ჰოროსკოპი გვიწინასწარმეტყველებს აქტიური მუშაობის, სოციალური მდგრადობის, საზოგადოებრივი იმიჯის ფორმირების, რეკონსტრუქციის, პროგრესის სამწლიან ეტაპს. 2019 წელს თხის რქის ზოდიაქოს ნიშნები, როგორც ყველაზე სერიოზულები და პასუხისმგებლობის მქონენი, იპოვიან საუკეთესო გადაწყვეტილებას ფინანსურ საკითხებში. ამისათვის ისინი არანაირ რთულ სამუშაოს არ გაექცევიან. ფინანსური საკითხების სტაბილიზაციას და გადაწყვეტას დაუთმობენ მთელ წელს კუროები, ლომები, მორიელები და თევზებიც.

ჯანმრთელობა

ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2019 წელს რეკომენდებულია ჯანმრთელი და ბალანსირებული დიეტის დაცვა, რაც მათ ასევე დაეხმარება კარგი განწყობის შენარჩუნებაში. 2019 წელი ჰომეოპათიური მკურნალობის, მუსიკალური და არტთერაპიისთვის საუკეთესოა. სასარგებლოა ბუნებასთან მჭიდრო კავშირი.

2019 წელი სტაბილურობის და ბალანსის მაგალითი გახდება. 2018 წელს დარღვეული კომფორტის ზონა ჟანგბადით შეივსება ცხოვრების ყველა ასპექტში, ფინანსებში, კარიერაში, სიყვარულსა და ჯანმრთელობაში.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •