შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფს” წარმოების განახლების ნებართვა მისცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფის” ანგარიშს ინკასო მოხსნა. კომპანიამ წარმოება განაახლა და პროდუქციისთვის აქციზური მარკებიც შეიძინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “ომეგა ჯგუფი” ვალის მომსახურების ახალი გრაფიკისთვის წინადადებების პაკეტს ამზადებს.

„26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ”-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ,,ოჯთ”-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე ,,ოჯთ” ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ,,ოჯთ” განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  •  
  •  
  •  
  •  
  •