ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოზარდებს ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდებს.

“ძვირფასო მეგობრებო, ჩემო პატარა მეგობრებო, შვილებო, შვილიშვილებო, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამოწყება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში. თუ კარგად გადავხედავთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, მივხვდებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს ჩაგვრასა და ძალადობას, იქ კარგი არაფერი ხდება.

ჩვენ გვინდა, რომ თქვენ – ჩვენი შთამომავლობა იმ ადამიანების გვერდით დადგეთ, ვინც უფრო სუსტია. მათი მხარდაჭერა, გვერდით დგომა, წაქცეულის წამოყენება და ხელის შეშველება – ეს არის მთავარი, რაც ამ ცხოვრებაში სწორ გზაზე დაგაყენებთ.

იცოდეთ, სიკეთის კეთებაზე დიდი სიკეთე და მადლიერება არ არსებობს. დაუდექით ერთმანეთს გვერდით და დაეხმარეთ, რათა ვიყოთ ძლიერები. ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. დღეს, საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ეს, რათა ჩვენი ქვეყანა, დალაგდეს და გადაიქცეს მართლაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

ჩვენს გვსურს, მომავალ თაობებს დავუტოვოთ ქვეყანა და არა სახელი სახელმწიფოსი. მინდა, დატოვოთ სახელები, ამ სახელებს კი ქმნით თქვენ. უნდა გახდეთ ისეთები, რომლითაც იამაყებს ჩვენი ქვეყანა, მიწა, ენა, სარწმუნოება და ტერიტორიები. სახელმწიფო ვერ აღდგება სუსტი ადამიანების ხელში. საქართველო აღდგება მაშინ, თუკი ყველა ერთად ვიქნებით და დავეხმარებით ერთმანეთს.

გახსოვდეთ, სიკეთის მკეთებელი არასდროს უცდის, როგორ და როდის დაუბრუნებენ მას. გააკეთეთ სიკეთე და არ დაიღალოთ. გააგრძელეთ გზა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგად მინდა რომ იყოთ. გისურვებთ ყველას ერთმანეთის თანადგომას, ხელის გაწოდებას, ერთმანეთის გულში ჩახუტებასა და მხარდაჭერას”, – ამბობს ბიზნესმენი თავის მიმართვაში.

  •  
  •  
  •  
  •  
  •